LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ

ავღანეთი

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ. როგორც ცნობილია, ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალიზე.”

ცნობილია, რომ ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.

„ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე – 144. სულ არის ორი საარჩევნო უბანი – ბაგრამის და მაზარი შარიფის. 08:00 საათიდან ჯარისკაცებს საშუალება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, და ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები,“ – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

magti 5g