თბილისში უახლოეს მომავალში შესაძლოა „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნას. ამის შესახებ „მილანის“ საერთაშორისო აკადემიების მენეჯერმა ალესანდრო ჯანიმ განაცხადა.
ჯანი და ელიზაბეტ სპინა (იტალიური აკადემიების კვლევისა და განვითარების მენეჯერი) საქართველოს დედაქალაქში გაცნობითი ვიზიტით ჩამოვიდნენ.
„საქართველოში დაინტერესებული მხარეები ვნახეთ და ვამაყობთ, რომ ქვეყნის თქვენი საფეხბურთო განვითარება დაინტერესებულია მეთოდით, რომელსაც „მილანში“ ვიყენებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ვარჯიშისა და ადგილობრივი მწვრთნელების მომზადების მეთოდიკა გაგაცნოთ. ჩვენი იდეა იმაშია, რომ 4-5 წელიწადში პროექტი რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ალესანდრო ჯანიმ.
მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაცნობა და იმის გაგება მომავალში რისი გაკეთება გახდება საჭირო. გარდა ამისა, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს კონტრაქტორებთან და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. შეთანხმების შემთხვევაში, თანამშრომლობა შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონში დაიწყოს.
„მილანის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის მთავრობა, რომელმაც პროექტის განხორციელებისადმი ინტერესი გამოხატა.
ქართული მხარიდან ინიციატორები არიან ანა წერეთელი (წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი), ასევე ბიზნესმენები ბესო ჩიხრაძე („გაგრას“ პრეზიდენტი) და ილია კოკაია („ზესტაფონის“ პრეზიდენტი).
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, „მილანის“ წარმომადგენლები რიგ შეხვედრებს გამართავენ. მათ შორის სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და კახა კალაძესთან, რომელიც წლების განმავლობაში „მილანში“ გამოდიოდა და დიდ წარმატებას მიაღწია.