„საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის წინააღმდეგ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის მაღალი აქტივობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
როგორც კუპრაძემ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, თბილისისა და საქართველოს ბედს ამომრჩევლები თავად წყვეტენ:
„თუ არ გინდათ წარსული და გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, გინდათ, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. მიხვიდეთ და ხმა მისცეთ საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედის წყვეტთ მხოლოდ თქვენ, იმედიანად, მშვიდობიანად. ამისთვის საჭიროა, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პარტიის, იმ პოლიტიკური კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს, აღმოფხვრან ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენ გარშემო არის გამეფებული“, – აღნიშნა კუპრაძემ.