„ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ივანიშვილის დამარცხება არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციას აქვს რესურსი, არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“, თუმცა ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგია და მობილიზება.
„უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არ ყოფილა. ვიქტორ ორბანმა, როგორც ავტორიტარმა, 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური ველიდან გააქრო პარტიები. გაანადგურა ფინანსურად, პოლიტიკურად გააქრო კრიტიკული მედია, ამიტომ იმის თქმა, რომ უნგრეთში ოპოზიციური საქმიანობის წარმოება არის მარტივი, ასე არ არის. უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არასდროს ყოფილა.
ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ივანიშვილის დამარცხება არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ. რატომ ვამბობთ ამას, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობაც, კეთილდღეობაც და ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებასთან არის დაკავშირებული…
ვერც ერთი ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ვერ გვასწავლის ჭკუას როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები. „ლელო“ არის ის პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასაკრძალთა სიაში ჰყავს შეყვანილი. „ლელო“ არის ის პარტია, რომლის ლიდერები საპატიმროებში ისხდნენ და კიდევ ახალი ბრალი აქვთ წაყენებული [მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს]. თავის მხრივ, დღეს გვყავს სამი პოლიტიკური პატიმარი. ამ ვითარებაში ჩვენ საკუთარ მხრებზე და თავზე ვიცით რას ნიშნავს რეპრესია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ვერ გვათქმევინებს უარს იმაზე, რაც არის სწორი. სწორია – სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ამ ვითარებაში იმ ეჭვის გაღვივება, რომ არჩევნები არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი უძლეველია – არის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმე. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლებოდა ის, რაც გააკეთეს – ივანიშვილის და 20%-იან კალაძეს აჩუქეს დედაქალაქი. ჩვენ ვსაუბრობდით საერთო კანდიდატზე. იმისთვის,რომ გავიგოთ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, გუშინდელ დღეს უნდა გადავხედოთ და დავინახოთ რა შეცდომები დავუშვით. შეცდომა იყო ბოიკოტი, არჩევნების რწმენის დაკარგვა საზოგადოებაში“,- თქვა მან.
ირაკლი კუპრაძის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესში, მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება და საჭიროა ფართო ოპოზიციური ერთობა და კოორდინაცია.
„ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი. „ლელო“ ამ ბრძოლაში იქნება მთავარი და გადამწყვეტი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ისევე როგორც 2025 წელს არ იყო საკმარისი. არც ხვალ შეიძლება იყოს საკმარისი და ამას მობილიზება სჭირდება,სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ არჩევნები არის სწორი, მშვიდობიანი , სწორი სახელმწიფოებრივი გზა“,- განაცხადა კუპრაძემ.
