ფინელები, დანიელები და შვედები ევროპის სხვა ქვეყნების მცხოვრებლებზე ადრე ტოვებენ მშობლიურ სახლს: ფინეთში საშუალოდ 21,4 წლის ასაკში, დანიაში – 21,7 წლის ასაკში, ხოლო შვედეთში – 21,9 წლის ასაკში. ამის შესახებ Europe წერს.
ხოლო ყველაზე დიდხანს მშობლებთან ერთად სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპელი ახალგაზრდები ცხოვრობენ. ყველაზე გვიან მშობლების გარეშე ცხოვრებას ხორვატები იწყებენ – საშუალოდ 31,3 წლის ასაკში; მათ მოჰყვებიან სლოვაკები (30,9 წელი), ბერძნები (30,7), იტალიელები (30,1) და ესპანელები (30 წელი).
აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდები მშობლების სახლს 26 წლის ასაკში ტოვებენ.
ფინეთში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ძლიერი სისტემა: სახელმწიფო სააგენტო Kela ახალგაზრდებს უნაზღაურებს ქირის ნაწილს და სთავაზობს დახმარებას საცხოვრებლის მოწყობასთან, ფინანსურ და საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით.
დანიაში სახელმწიფო ქირის სუბსიდირებას ახორციელებს საცხოვრებელი შეღავათებისა და მუნიციპალიტეტების სოციალური დახმარების საშუალებით, ასევე ავითარებს არაკომერციული საცხოვრებლის სექტორს, რაც ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბინის ქირაობას.
შვედეთში 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ საცხოვრებლის სუბსიდია ქირის ნაწილობრივი დაფარვისთვის, ხოლო დიდ ქალაქებში არსებობს სპეციალური „ახალგაზრდული ბინები“, სადაც ქირა ბაზარზე არსებულზე დაბალია. გარდა ამისა, სახელმწიფო მხარს უჭერს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მშენებლობას, რათა ახალგაზრდებს გაუადვილდეთ დამოუკიდებელი ცხოვრება.