უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია.
დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ 31 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ.
ცეცხლის გახსნის შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.