LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერქარდის მთავარი ფოკუსი 2026 წლისთვის – იყოს ლოკომოტივი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით

781
დავით ზღუდაძე

ციფრულ ეპოქაში, სადაც კომფორტი და სისწრაფე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მასტერქარდი (Mastercard) საქართველოში წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც ინოვაციებით ცვლის გადახდის კულტურას. კომპანიის მიზანია, ფინანსური სერვისები ტექნოლოგიებით გახადოს ხელმისაწვდომი და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ახალი შესაძლებლობებით შეუწყოს ხელი.

დავით ზღუდაძე, ტექნოლოგიური კომპანიის Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში:

– მასტერქარდის თბილისის ოფისი არა მხოლოდ გადახდებს ავითარებს ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა სექტორის აქტიურ მხარდაჭერას ცდილობს. ამის ნათელი მაგალითია www.mcpassport.ge, რომელიც ქართული ტურისტული ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. ეს პლატფორმა განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას ან უკვე აქ არიან და სხვადასხვა ტიპის აქტივობის დაგეგმვა სურთ.

ეს პლატფორმა იმ მჭიდრო პარტნიორობის წყალობით შევქმენით, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა სხვადასხვა ბიზნესთან. საქართველოს მონახულების მსურველებს სწორედ ამ ურთიერთობების საფუძველზე ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აქციას სასტუმროებთან, რესტორნებთან და გასართობი მიმართულების მქონე კომპანიებთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ მასტერქარდი გლობალური ორგანიზაციაა და უამრავ ქვეყანაში ოპერირებს, ბანკების მეშვეობით მივიტანეთ მომხმარებლამდე (განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც არის ძირითადი ტურისტული ნაკადები) ამ შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.

გარდა იმისა, რომ ამ პლატფორმით ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენა და ტურისტების ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან დაკავშირება გვსურს, ჩვენი მიზანი პრემიალური მომხმარებლის მოზიდვაცაა, რადგან ეს სეგმენტი მაღალმხარჯველუნარიანია. ასეთი ვიზიტორების ქვეყანაში ინტენსიური შემოსვლა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ეს პლატფორმა წელს გაეშვა, ზაფხულიდან აქტიურად ვურთიერთობთ სხვადასხვა ბიზნესთან. სურვილი გვაქვს, ყოველკვარტალურად განვაახლოთ შეთავაზებები, რათა თითოეული ტურისტისთვის საქართველოში სტუმრობა ნებისმიერ სეზონზე იყოს საინტერესო.

იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, სტატისტიკას, ცხადია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ნათლად ვხედავთ, რომ ამ პლატფორმაზე წარმოდგენილ ჩვენს პარტნიორებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო გადახდების მიმართულებით ბრუნვა 20-30%-ით გაეზარდათ. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმა მუშაობს, საინტერესოა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გამოვიჩენთ მის განსავითარებლად.

– ერთ-ერთი სეგმენტი, რომლის მიმართ მხარდაჭერითაც ასევე გამოირჩევით, მცირე და საშუალო ბიზნესია.

– ამ სეგმენტთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რომ ზოგადად ჩვენს რეგიონში, ყველაზე ნაკლები ფოკუსი მასზეა, რადგან ყველაზე რთულად სამუშაო სეგმენტია. ამას განაპირობებს მცირე და საშუალო ბიზნესების სიმრავლე და ისიც, რომ ისინი სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმიანობის გაციფრულებისკენ ბევრი მათგანი ისწრაფვის, გაციფრულება კი ზრდის საქმიანობის მასშტაბს, მომხმარებელთა რაოდენობას და აფართოებს საზღვრებს, გვინდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით (იქნება ეს გუგლი, მეტა თუ ციფრული არხების მქონე სხვა კომპანიები), სხვადასხვა შეთავაზებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას და თანამედროვე ეკონომიკის ჯაჭვში ბუნებრივად ჩაბმას. შექმნილი გვაქვს კიდეც სპეციალური პლატფორმა საქართველოში, სადაც შეუძლიათ იხილონ ეს შეთავაზებები და გამოიყენონ ისინი, თუ აქვთ ჩვენი ბიზნეს ბარათები.

– უკონტაქტო გადახდის თემასაც რომ შევეხოთ, თქვენი გადმოსახედიდან, როგორია ზრდის ტენდენცია საქართველოში?

– საქართველო ბოლო ათწლეულია, რაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საფინანსო სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სისწრაფის თვალსაზრისით. საქართველო, შესაძლოა, პატარა ქვეყნაა, მაგრამ როდესაც რეგიონული მენეჯერები ვიკრიბებით, ყველა ამახვილებს ყურადღებას, რომ ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მოსახლეობა ძალიან ღიაა ტექნოლოგიების მიმართ, ადვილად ითვისებს მათ და ეს განაპირობებს იმას, რომ ყოველთვიურად, როდესაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს ანგარიშს, ვხედავთ, როგორ იზრდება უკონტაქტო გადახდასთან დაკავშირებული მაჩვენებლები. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა საკმაოდ კარგ ფორმაშია. ვიმედოვნებ, რომ თუ რაიმე ახალი შემოვა, მასაც ასევე სწრაფად აითვისებს.

– რა შედეგებით ხურავს მასტერქარდი 2025 წელს და რას გეგმავს 2026 წლისთვის?

– მასტერქარდს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს საქართველოში, რასაც მოწმობს თუნდაც სექტემბრის მონაცემები – საბარათე გადახდებში 54%-ი მასტერქარდის ბარათებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი ფოკუსი იყო ის სეგმენტები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ – მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულება, პრემიალური მიმართულება, მოგზაურობის მოყვარულთათვის სპეციალური შეთავაზებები. მომავალ წელს ვფიქრობთ, ისეთი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ, რომლებიც უფრო გაზრდის კიბერუსაფრთხოებას, რადგან ვხედავთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, იგივე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო რთული ხდება მომხმარებლის დაცვა. გლობალურადაც, მასტერქარდის მთავარი ფოკუსია, რომ იყოს ლოკომოტივი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და პრობლემა, რომელიც ამ თვალსაზრისით შეიძლება წარმოიქმნას, თავად გადაწყვიტოს და ის მომხმარებლის მხრებს არ დააწვეს. საერთოდაც, 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ ბარათზე აღარ იყოს მონაცემები დატანილი, მომხმარებელს აღარ დასჭირდეს საკუთარი მონაცემების მანუალურად სადმე შეყვანა, იგი იყოს დაცული თავად ჩვენი სისტემის მიერ და არა მისი ფინანსური განათლების და უნარების გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g