დანიელი მეცნიერების თქმით, მუსიკოსები ტკივილზე სხვაგვარად რეაგირებენ – მათ ტკივილის ზღვარი ბევრად უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. რაც უფრო ხშირად უკრავს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად გრძნობს ტკივილს – ასეთ შედეგამდე მივიდნენ ორჰუსის უნივერსიტეტის მკვლევრები. სიახლე Independent-მა გამოაქვეყნა.
სასიხარულოა, რომ მუსიკალური ვარჯიში არა მხოლოდ მუსიკალურ უნარებს ავითარებს – ის ტვინისთვისაც ძალიან სასარგებლოა: აუმჯობესებს წვრილ მოტორიკას, ენის, მეტყველების და მეხსიერების უნარებს.
მაგრამ მუსიკას უარყოფითი მხარეც აქვს – რეპეტიციებისას ათასობით განმეორებადი მოძრაობა ქრონიკულ ტკივილს იწვევს. მიუხედავად ამისა, მუსიკოსები მაინც განაგრძობენ რეპეტიციებსა და გამოსვლებს. მკვლევრებს გაუჩნდა კითხვა: იქნებ სწორედ ესაა მათი ტკივილისადმი გამძლეობა?
ორჰუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ტკივილს განზრახ იწვევდნენ – როგორც მუსიკოსებში, ისე მოხალისეებში, რომლებსაც მუსიკასთან კავშირი არ ჰქონდათ. ტკივილის გამომწვევი ნივთიერება 24 საათში იშლებოდა.
როდესაც მეცნიერებმა ორივე ჯგუფის ტვინი შეადარეს, სხვაობა „დამაინტრიგებელი“ აღმოჩნდა. პროფესიონალ მუსიკოსებში ტვინი წინასწარ აყალიბებდა ტკივილზე რეაგირების გეგმას, რაც ტკივილის შეგრძნებას ამცირებდა. არამუსიკოსებში მსგავსი რეაქცია არ გამოვლენილა.
კვლევის მიხედვით, რეგულარული მუსიკალური აქტივობა ქმნის ბარიერს, რომელიც ტკივილის ინტენსივობას ამცირებს.
ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას რომ, მუსიკა ქრონიკული ტკივილის წამალია, მაგრამ ამგვარი კვლევები დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, რატომ არის ზოგი ადამიანი უფრო გამძლე ტკივილის მიმართ და შესაძლოა, მომავალში ამან ახალი თერაპიული მეთოდების შექმნასაც შეუწყოს ხელი.