LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამების დეკრეტული შვებულება დეპრესიის რისკს ამცირებს – შვედი მეცნიერების კვლევა

115
ქირიას NEWS შაბლონი (2)

შვედი მეცნიერების კვლევის თანახმად, მამები, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდეგ რამდენიმე თვეს დეკრეტულ შვებულებაში ატარებენ, დეპრესიის ნიშნებს უფრო იშვიათად ავლენენ, ვიდრე ისინი, ვინც შვილზე ზრუნვას მხოლოდ მცირე დროს უთმობს. კვლევა კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩაატარეს და მისი შედეგები ჟურნალში American Journal of Public Health გამოქვეყნდა.

მეცნიერები 746 შვედ მამას წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევა მაშინ დაიწყო, როდესაც მონაწილეთა შვილები დაახლოებით ცხრა თვის იყვნენ. მამებმა თავდაპირველად საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს, შემდეგ კი, დაახლოებით 18 თვის შემდეგ, განმეორებით გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

შედეგების მიხედვით, დეპრესიის ნაკლები რისკი განსაკუთრებით იმ მამებს ჰქონდათ, რომლებიც ბავშვის მოვლისთვის 14-დან 40 კვირამდე შვებულებას იყენებდნენ. ამ ჯგუფში დეპრესიის ალბათობა უფრო დაბალი იყო იმ მამებთან შედარებით, რომლებმაც შვებულებაში ოთხ კვირამდე გაატარეს. ამასთან, ხუთიდან 13 კვირამდე და 41 კვირაზე მეტი ხნით შვებულების გამოყენების შემთხვევაში მსგავსი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ გამოვლენილა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შვილთან ხანგრძლივად ყოფნა მამებს ეხმარება, უკეთ გაიცნონ ბავშვი, დაამყარონ მასთან მჭიდრო ემოციური კავშირი და მშობლის ახალ როლში მეტი თავდაჯერებულობა შეიძინონ. ყოველდღიურ ზრუნვაში მონაწილეობა მათ საშუალებას აძლევს, ბავშვის მოვლის რუტინა ჩამოაყალიბონ და ოჯახში მომხდარ ცვლილებებს უფრო მარტივად შეეგუონ.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა მიზეზშედეგობრივ კავშირს საბოლოოდ ვერ ადასტურებს – ის მხოლოდ შვებულების ხანგრძლივობასა და დეპრესიის ნიშნებს შორის კავშირს აჩვენებს. ამიტომ შედეგები არ ნიშნავს, რომ დეკრეტული შვებულება ყველა შემთხვევაში დეპრესიას თავიდან აგვარიდებს.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მამების მონაწილეობა ბავშვის მოვლაში ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. შვედეთში ბავშვის დაბადების შემდეგ დეკრეტული შვებულებით მამების თითქმის 90% სარგებლობს, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 40%-ია.

მკვლევრების აზრით, მამებისთვის ბავშვის მოვლაში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოჯახური პასუხისმგებლობების თანაბრად განაწილებისთვის, არამედ თავად მამების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები