LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე წუწუნებენ ფრანგები ყველაზე ხშირად?

105
image-28955

ფრანგები ყველაზე ხშირად ჩივიან პოლიტიკოსებზე, უცნობ ადამიანებზე, ოჯახის წევრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ – უფროსებსა და კოლეგებზე. პლატფორმა Preply-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსები ფრანგთა 63%-ს აღიზიანებთ, ოჯახის წევრები – 48%-ს, ხოლო ხელმძღვანელები და კოლეგები -45%-ზე ნაკლებს უშლის ნერვებს.

ყველაზე „მოწუწუნე“ ქალაქად ლიონი დასახელდა – საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქი.

ლიონელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე ხშირად აწუხებთ ისეთი სიტუაციები, როცა ვიღაც რიგს არღვევს, მეზობლები ხმაურობენ დილით ადრე ან გვიან საღამოს, ვინმე იგვიანებს შეხვედრაზე ან პაემანზე, ფრენა იგვიანებს ან ოფიციანტი არასწორად იღებს შეკვეთას.

„ტოპ“ მოწუწუნე ქალაქების სიაში ლიონის შემდეგ პარიზი და ნიცა განთავსდა.

ყველაზე პოზიტიური ქალაქი აღმოჩნდა გრენობლი: თუ ლიონს „წუწუნის სკალაზე“ მკვლევრებმა 100-დან 82 ქულა მიანიჭეს, გრენობლმა მხოლოდ 24 ქულა მიიღო. იშვიათად ჩივიან ნანტში და სენ-ეტიენშიც. თუმცა იქაც აქვთ მიზეზი უკმაყოფილებისთვის – მაგალითად, ნანტის მცხოვრებთა მესამედი ქალაქის სისუფთავით უკმაყოფილოა.

გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ წუწუნში ცუდი არაფერია – ეს ნეგატიური ემოციების გამოსახატავად და სტრესის შესამსუბუქებლად ყველაზე ბუნებრივი გზაა, ხოლო ზოგჯერ თანამოაზრეებისა და ახალი მეგობრების პოვნის შესაძლებლობაცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები