მსოფლიო მასშტაბით, რომანისა და ბროდვეის მიუზიკლის – Wicked მხატვრული ეკრანიზაციის მეორე ნაწილის პრომო ტური მიმდინარეობს. ახლახან, ფილმის ლონდონური პრემიერა შედგა.
საპრეზენტაციო ჩვენებაზე არიანა გრანდემ საკულტო კოსტიუმების დიზაინერის, გილბერტ ადრიანის 1952 წლის შავი კაბა მოირგო. ლეგენდარულმა მოდელიერმა კაბა ,,ოზის ჯადოქრისთვის” შექმნა, რომელსაც კინოსურათი მიჰყვება. ეს ბოლო დროის პირველი შემთხვევა იყო, როცა გრანდე წითელ ხალიჩაზე მისი პერსონაჟის, კეთილი ჯადოქრის – გლინდასთვის უჩვეულო ლუქით წარდგა.
აღსანიშნავია, რომ გილბერტ ადრიანის მიერაა შექმნილი ,,ოზის ჯადოქრის’‘ სხვა კოსტიუმები და ცნობილი წითელი ფეხსაცმელიც, რომელიც კინომიუზიკლში დოროთის როლის შემსრულებელს, ჯუდი გარლანდს ეცვა.
,,ალქაჯი: ნაწილი 2” ქართულ კინოგაქირავებაში, 20 ნოემბრიდან ჩაეშვება. Wicked ამავე სახელწოდების 1995 წლის რომანისა და ბროდვეის 2003 წლის მიუზიკლის ადაპტაციაა. ფენტეზის ჟანრის ფილმი, რომელიც ორ ნაწილად გაიყო, ,,ოზის ჯადოქრის” სამყაროში მომხდარ მოვლენებზე გვიყვება – იქამდე, ვიდრე დოროთი ქარიშხალში აღმოჩნდება და შორეულ ჯადოსნურ ქვეყანაში გადაინაცვლებს. ფილმის პირველ ნაწილში, ბროდვეის მიუზიკლის შესაბამისად, ელფაბასა და გლინდას დამეგობრება, პიეროს უეცარი გამოჩენა და საიდუმლოების ამოხსნა ვიხილეთ. როგორც ცნობილია, Wicked-ის სიქუელში დოროთიც გამოჩნდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვინ მოირგებს პერსონაჟის როლს.