LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიკლო ანუკი ცქვიტინიძემ 32 კილო: „სულ ვეკითხები ჩემს თავს, ამდენი როგორ მოვიმატე. ეს ფიქრი უფრო მაწუხებს, რა მომენტში ვერ გავაჩერე წონის მატება…“

2612
ანუკი-ცქვიტინიძე

ანუკი ცქვიტინიძემ მცირე ხნის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონის დაკლებასაც მალე შეუდგა. კომპოზიტორის წონის კლება უკვე შესამჩნევია და თავადაც თამამად საუბრობს წარმატებული შედეგის შესახებ.

ანუკი ცქვიტინიძე fortuna.geს უყვება, როგორ გაიარა პოსტოპერაციული პერიოდი.

ანუკი, როგორ გადაწყვიტე წონის დაკლებისთვის ოპერაციის გაკეთება?

მთავარი კითხვაა ის, როდის დავიწყე მატება. ორივე შვილი მყავდა გაჩენილი და წონის პრობლემას ნამდვილად არ ვუჩიოდი. დაიწყო პანდემია, ყველაფერი გამოიწვია ჩაკეტილობამ, სტრესმა, ფინანსურმა შეზღუდვამ, – მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესია პირდაპირ უკავშირდება ღონისძიებებსა და კონცერტებს, მოგვიწია სახლში ყოფნამ, უმოძრაოდ, ეკონომიურად კვებამ, მაკარონით, პურით, ცომეულით… გვეგონა, რომ ეს არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მთელ ოჯახს შეგვექმნა პრინციპში პრობლემა, განსაკუთრებით – მე.

როცა აღდგა ჩვეულებრივი რეჟიმი და რიტმი, ყოველ საღამოს ღონისძიებამ, სუფრამ გამოიწვია კიდევ უფრო მეტად წონის მატება, აღარ ჩერდებოდა და მიდიოდა ზევით. ძალიან შესამჩნევი იყო, როცა ჩანაწერებს ვუყურებდი, ვიზუალურად ძალიან მეტყობოდა. ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ამ წონას, ეკრანიც თავისას ამატებდა. არ მინდოდა გადაცემაში მისვლა, ფოტოს გადაღება. მივდიოდი, მაგრამ არა სიხარულით, დაძალებით…

ამ წლების განმავლობაში დიეტებით ხომ არ ცდილობდი დაკლებას?

რაღაც ეტაპებზე ვიწყებდი დიეტებს, მაგრამ დიდი ცდუნება იყო სულ სუფრასთან ჯდომა. მალევე ვარღვევდი და ეს ხომ რეალურად უარესია, დიეტის დარღვევა უფრო მეტად გამატებინებს.

ბევრჯერ მოვისმინე ჩემს გარემოცვაში ბარიატრიის შესახებ. თავიდან მეგონა, რომ თავად მოვერეოდი წონის პრობლემას. მერე მივხვდი, რომ ჩემით ვერ შევძლებდი… როცა ვნახე, რომ გელას პატარა დანაზოგი ჰქონდა, რაც ჩემს ოპერაციას ეყოფოდა, ძალიან ვთხოვე, რომ ეს თანხა მჭირდებოდა. უცებ ჩავნიშნე ექიმთან ვიზიტი. ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე. ბევრი ფიქრი უფრო შემაშინებდა, შემაფერხებდა და ხელს შემიშლიდა, რადგან რა თქმა უნდა, ამ ოპერაციას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები…

ვისთან გაიკეთე ოპერაცია?

კახა ხაჭაპურიძესთან. რომ შევყავდი საოპერაციოდ, რა თქმა უნდა, ვიყავი მოღიმარი, ყველას ვეკონტაქტებოდი. თამამად და დადებითი განწყობით შევედი. როგორც შედის პაციენტი, ისე მიდის ოპერაციაო, იქვე მითხრეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ კლინიკიდან წამოსულს ბაქტერია აღმომაჩნდა, სანამ ანალიზით დადგინდებოდა, რა პრობლემა მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ვერ ვიღებდი ვერანაირ საკვებს, როგორც კი დადგინდა მიზეზი, მალევე გამოვკეთდი. პირველი ერთი კვირა საკმაოდ რთული იყო. ძალიან შეშინებულები იყვნენ ჩემიანები. ჩემი დაბადების დღე იყო და ტორტზე სანთლის ჩაქრობის ძალაც არ მქონდა… მკურნალობის დაწყებიდან მალევე ვიგრძენი თავი უკეთ. შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია.

როგორი შედეგი დადგა?

ოპერაციის შედეგად, მადის დაქვეითება არ მქონია, მაგრამ საჭმლის რაოდენობა შემცირდა, რადგან კუჭი მაძლევს სიგნალს. თუ ამასთან პრობლემა არ გაქვს, და მე არ მაქვს, მაშინ არ ნერვიულობ. რომ უყურებ და გინდა, მაგრამ ჭამა არ შეგიძლია, რადგან კუჭი აგტკივდება, ეს შეიძლება ბევრისთვის პრობლემა იყოს… მე ნებისყოფაც და ფსიქიკური მზაობაც მაქვს და მქონდა. სიმსუნაგით არ გავსუქებულვარ, არასწორი კვებითა და რეჟიმით მოვიმატე. თუ პაციენტს ფსიქოლოგიური მზაობა არ აქვს, მისთვის შეიძლება ძალიან რთულად გადასატანი იყოს პოსტოპერაციული პერიოდი.

რამდენი დაიკელი?

ოპერაციიდან მერვე თვე გავიდა და დავიკელი 32 კილო. სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს 32 კილო როგორ მოვიმატე. ეს ფიქრი უფრო მაწუხებს, რა მომენტში ვერ გავაჩერე წონის მატება. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კილოს დაკლების დიდი სურვილი. ერთი წელი მინიმუმ კლების პროცესია. იმედი მაქვს, რამდენიმე კილოგრამს კიდევ დავიკლებ, მერე კი უკვე შედეგს შევინარჩუნებ.

ხომ არ გაგიჭირდება?

მომატების ბევრი პრეცედენტია, ეს ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იქნება. მე ჯერ ფიზიკური აქტივობა არ მაქვს დაწყებული, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ უნდა მივაშველო. ფეხით დავდივარ, მაგრამ მინდა, რომ აკვა აერობიკაზე ვივარჯიშო.

გარდერობში ცვლილებები შეიტანე?

მქონდა რამდენიმე საყვარელი სამოსი, სიგამხდრის პერიოდში შეძენილი… როცა წონის მატებასთან ერთად გარდერობის შეცვლამ მომიწია, არ გადავაგდე და არ მოვიშორე. მქონდა იმედი, რომ მივუბრუნდებოდი ამ სამოსს. პირველად რომ მოვირგე და ჩავიცვი, უბედნიერესი ვიყავი, თუმცა მაინც, როცა მაღაზიაში შევდივარ, მაინც დიდი ზომებისკენ მიმირბის თვალი. გგონია, რომ ისევ დიდი ზომა ხარ. რომ მოირგებ, ვხვდები, რომ დიდია და ამასაც უნდა ფსიქოლოგიურად გადმოწყობა. რაც შეეხება გარდერობის განახლებას, ერთი გასტროლი იგეგმება მალე რომსა და ფლორენციაში, მეც მივყვები გელას და იმედი მაქვს, რომ იქ გადავათვალიერებ, თუ ამის დრო იქნება.

კომპლიმენტებს ალბათ ხშირად იღებს წონის კლებასთან დაკავშირებით…

რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია კომპლიმენტები, მაგრამ დედაჩემი არის ყველაზე კმაყოფილი (იღიმის). ყოველი მისი ზარი იწყებოდა ჩემს წონაზე საუბრით, კითხვით, თუ როდის დავუბრუნდებოდი ჩემს ძველ მდგომარეობას და წონას. ახლა, როცა მასაც ურეკავენ და ეუბნებიან, რომ კარგად გამოვიყურები, სულ მაფრთხილებს, რომ ისევ არ მოვიმატო.

გელას როგორ მოსწონს შენი ახალი იმიჯი?

ძალიან. ამბობს, ყოველდღე ახალი ადამიანი იღვიძებს ჩემ გვერდზეო. მისთვისაც არის დიდი მოტივაცია. წონის კლება არ არის მარტივი ამბავი. უფრო გრძელვადიანია და შრომატევადი დიეტებით. ნამდვილად ცდილობს და იმედია, რომ თავადაც მოერევა წონას…

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g