მხატვარი დავით პოპიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავით პოპიაშვილი დიდი შესაძლებლობების მქონე ხელოვანი იყო.
„მწუხარებას გამოვთქვამთ მხატვარ დავით პოპიაშვილის გარდაცვალების გამო.
მის ყოველ ახალ ნამუშევარს ინტერესით ელოდებოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დავით პოპიაშვილი დიდი შესაძლებლობების მქონე ხელოვანი იყო.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავითის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბალეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავითის გარდაცვალება განუზომელი დანაკლისი იქნება საქართველოს სახელმწიფო ბალეტისთვის.
„დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მეგობარს და კოლეგას — დავით პოპიაშვილს. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისი იქნება საქართველოს სახელმწიფო ბალეტისთვის.
მან არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი შექმნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
