აშშ-ში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომლის სიმაღლეც თითქმის 2,2 მეტრია, საკუთარ ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
მარკ ჯექსონის თქმით, რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აღემატება, ის ყოველდღიურად მრავალი, ხშირად შეუმჩნეველი პრობლემის წინაშე დგას. მისი თქმით, ძალიან რთულია ტანსაცმლის მოძიება – ნივთების დიდი ნაწილის ძებნა მას ინტერნეტში, თანაც დიდი ხნის განმავლობაში უწევს. თვითმფრინავში მისთვის მხოლოდ საგანგებო გასასვლელთან მდებარე ადგილებია კომფორტული, ხოლო ყველაზე დიდი ზომის საწოლშიც კი დიაგონალურად უწევს წოლა. გარდა ამისა, ჯექსონი მუდმივად რაღაცას ეჯახება.
„ერთხელ საფრანგეთში კიბიდან დავეცი და შემდგომში ნაკერების დადებაც დამჭირდა. ძალიან ხშირად მიმირტყია თავი სადმე“- აღნიშნა მან.
დადებითი მხარეებიდან ჯექსონმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით „სუფთა ჰაერს“ სუნთქავს, მისი თავი ყოველთვის ბრბოზე მაღლაა და ქალებშიც საკმაოდ პოპულარულია.
ამერიკელი აღიარებს, რომ გოგონას პაემანზე დაპატიჟება მისთვის პრობლემა არ არის. თუმცა გადატვირთულ ადგილებში კომუნიკაცია უჭირს.
„ბარებში ვინმეს გაცნობა მიჭირს, რადგან სულ დაბლა უნდა ვიყო დახრილი, რომ გავიგო რას ამბობენ“, – თქვა ჯექსონმა.