პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, რომლის თანახმად, ის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არ არის.
დავით მათიკაშვილის სიტყვებით, „საქართველო მზად არის კონსტიტუციური ვალდებულებები შეასრულოს, ოღონდ ეს ყველაფერი არის ორმხრივი თამაში და წარმოუდგენელია, ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, ნატოსთან“.
„ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს. პირველი: თუ რა წყაროებისგან იღებენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. აქაური რადიკალებისგან, აქაური „ენჯეოშნიკებისგან“, ხალხისგან თუ მედიასაშუალებებისგან, საიდანაც ელემენტარულად, სიმართლეს ვერ გაიგებ.
მეორე: ამ რაღაც ტენდენციურ განცხადებას, ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობია, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს. ძალიან კარგია, რომ გვაკვირდებით. ჩვენც მზად ვართ, კონსტიტუციური ვალდებულებები, რაც გაგვაჩნია, შევასრულოთ. ოღონდ ეს ყველაფერი არის ორმხრივი თამაში და გამორიცხულია, წარმოუდგენელია ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან ურთიერთობას. თქვენ კარგად იცით, რომ გრძელდება გარკვეული წვრთნები, ერთობლივი მოქმედებები. ბუნებრივია, მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რა განწყობა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად, ამ მოცემულობაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, შეკითხვაზე – საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“, – თქვა მარკ რუტემ.
