LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის სიცხე სახიფათო და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

632
SmartPharm

მაღალი ტემპერატურა ანუ სიცხე თითქმის ყველა ჩვენგან გამოუცდია. ის ხშირად უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ სხეული ტემპერატურას ინფექციებთან ან გამღიზიანებლებთან ბრძოლის მიზნით ზრდის. მიუხედავად ამისა, განსაზღვრულია გარკვეული ნიშნული, რომელზე მაღალი ტემპერატურაც უკვე სახიფათოდ მიიჩნევა.

სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ, მიმოვიხილავთ მაღალი ტემპერატურის მიზეზებს, მათთან გამკლავების გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

რა არის სიცხე და რაზე მიგვანიშნებს ის?

სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 36.5-37°C-ია. მასზე მაღალი ტემპერატურა უკვე გარკვეული საფრთხის საპასუხოდ იმუნური სისტემის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამ გზით ორგანიზმი იწყებს ბრძოლას ინფექციის, ანთებით პროცესების, გადახურებისა თუ სხვადასხვა გამღიზიანებლის წინააღმდეგ. ტემპერატურის მატება ანუ სიცხე ზოგჯერ ჯანმრთელობის მსუბუქ პრობლემაზე ან დაავადებაზე მიანიშნებს, ზოგჯერ კი – სერიოზულ მდგომარეობებზე.

სიცხის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები – სხეული ტემპერატურას ზრდის, რათა შეამციროს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლების უნარი.

ანთებითი პროცესები – სხეულში ნებისმიერმა ანთებამ შესაძლოა ტემპერატურის მატება გამოიწვიოს.

გადახურება (სითბური შოკი) – სიცხეში დიდხანს ყოფნა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა მაღალი ტემპერატურის პირობებში, სითხის არასაკმარისად მიღება შეიძლება სხეულის გადახურების მიზეზი გახდეს და ტემპერატურის მკვეთრი მატება გამოიწვიოს.

ზოგიერთი მედიკამენტის ან ვაქცინაციის შედეგი – ზოგი პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ტემპერატურის უმნიშვნელო მატებას (მაგ., ანტიბიოტიკების გარკვეული ჯგუფები, იმუნოსტიმულატორები). ვაქცინაციის შემდეგ კი, სიცხე იმუნური სისტემის ფორმირებისა და დაცვითი პასუხის აქტივაციის მაჩვენებელია.

როდის ითვლება სიცხე ნორმალურად და როდის – საგანგაშოდ?

„ნორმალური სიცხის“ განსაზღვრება დამოკიდებულია ასაკსა და სხვა გარემოებებზე.

  • ზრდასრულებში 38°C-მდე ტემპერატურა შესაძლოა მსუბუქი ინფექციის შედეგი იყოს. სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია მაშინ, თუ ტემპერატურა 38°C-ს გადააჭარბებს. ამასთან, თავს იჩენს ძლიერი სისუსტე, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან ცნობიერების დაბინდვა.
  • ბავშვებში 38°C და მეტი უკვე საყურადღებოა, რადგან არსებობს დეჰიდრატაციის და მდგომარეობის სწრაფად გაუარესების მაღალი რისკი.
  • ჩვილებში (3 თვემდე) ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს და აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.
  • ნებისმიერ ასაკში ტემპერატურა, რომელიც 40°C-ს აღემატება საფრთხილოა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

როგორ მოვიქცეთ სიცხის დროს – 5 პრაქტიკული რჩევა

  • სწორად გაზომეთ ტემპერატურა – ელექტრონული თერმომეტრები ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველაზე კომფორტულია, ხოლო ჩვილებისთვის ხშირად რეკომენდებულია რექტალური გაზომვა.
  • გონივრულად გამოიყენეთ სიცხის დამწევი პრეპარატი – სიცხის დამწევი საშუალებების მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც სიცხე განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს, მაღალ ნიშნულზე ადის ან რამდენიმე დღის განმავლობაში თავისით არ მცირდება.
  • დაეხმარეთ ორგანიზმს – მიიღეთ ბევრი სითხე (წყალი, ჩაი, წვნიანი), ჩაიცვით მსუბუქი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი, ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა, დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ.
  • არ დაიდოთ ძალიან ცივი ან ცხელი კომპრესები – ასეთ დროს რეკომენდებულია მხოლოდ გრილი კომპრესები. ასევე, არ შეიზილოთ სხეული ალკოჰოლით ან ძმრით.
  • გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვების შემთხვევაში – ბავშვებში სიცხე უფრო სწრაფად იზრდება, ამ დროს ორგანიზმი ადვილად კარგავს სითხეს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია და ტემპერატურის რეგულარულად გაზომვა.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, მუდმივად დავუგდოთ ყური ჩვენი ორგანიზმის რეაქციებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ. სწორი ქმედებები გვეხმარება გართულებების თავიდან აცილებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g