LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ წულუკიძე: „საბურავის შეძენისას მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ მხოლოდ ფასს – პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხი, სანდოობა და გარანტია”

543
მიხეილ წულუკიძე

ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად გზებზე უსაფრთხოების საკითხი აქტუალური ხდება. ყოველწლიურად ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექნიკურად მოუმზადებელი ავტომობილები რთულ ამინდში ავარიულ სიტუაციებს ქმნიან. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით გადაადგილებას სავალდებულოს ხდის.

ზამთრის საბურავების მნიშვნელობაზე, ხშირ შეცდომებსა და ახალი რეგულაციების მთავარ მოთხოვნებზე გვესაუბრება პირველი საავტომობილო გადაცემის ავტორი და წამყვანი, ავტო ექსპერტი მიხეილ წულუკიძე.

– ბატონო მიხეილ, რა არის ის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც მძღოლები უშვებენ ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით?

– ზამთრის დადგომასთან ერთად ბევრს ჰგონია, რომ რეგულაციები მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა ეს არ არის სიმართლე – მთავარი პასუხისმგებლობა თავად მძღოლზეა. სახელმწიფო მხოლოდ საკანონმდებლო გარემოს ქმნის, რეალური უსაფრთხოება კი მოქალაქის კეთილსინდისიერებით მიიღწევა. მძღოლები თავად უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ჯარიმების თავიდან აცილება – ეს არის თითოეული მგზავრის, ოჯახის წევრისა და სხვა მონაწილე მხარის დაცვა. ამიტომ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ზამთრის საბურავი ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. მის სწორად შერჩევასა და გამოყენებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ის შემთხვევები, რომლებიც ხშირად ელემენტარულ მოუმზადებლობას უკავშირდება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია საბურავების სწორ პირობებში შენახვა – მათი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, ნესტისგან, მაღალი ტემპერატურისგან და სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც რეზინის სტრუქტურას აზიანებს. საბოლოოდ, ზამთრის სეზონი მხოლოდ პერიოდი კი არა, პასუხისმგებლობის გამოცდაა. ამ გამოცდას წარმატებით გავივლით მაშინ, როცა არ დავუშვებთ ისეთ სახიფათო შეცდომას, რომელიც მოუმზადებლობით არის გამოწვეული.

– მეორეული საბურავები ბევრისთვის ფინანსურად მიმზიდველია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ისინი და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა მათ შეძენამდე?

– მეორეული საბურავების შეძენას ხშირად აღიქვამენ როგორც ეკონომიურად გამართლებულ ნაბიჯს, თუმცა პრაქტიკაში ეს არჩევანი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც უსაფრთხოების, ისე ფინანსურ რისკებს. მოქმედი კანონმდებლობით, საბურავის ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა 10 წელია, მაგრამ მეორეული საბურავების ბაზარზე საკმაოდ ხშირად გვხვდება ამ ვადის მქონე ან უკვე ვადაგადაცილებული საბურავები, რომლის გამოყენებისთანავე ჩნდება ხარვეზები. ხშირად მეორეული საბურავი გამოყენებისთანავე სკდება და მძღოლს არ აქვს გარანტია პროდუქტის შეცვლაზე. ასევე, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას საბურავის წინა ისტორიაზე – როგორ ინახებოდა, რამდენჯერ იყო გადაჭარბებით დატვირთული, ჰქონდა თუ არა უხილავი დაზიანებები ან დეფორმაციები.

ამიტომ, თუ მძღოლი მაინც არჩევს მეორეულ საბურავს, აუცილებელია ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ ფიფქის მარკირებას, არამედ DOT კოდს – ეს არის საბურავის წარმოების კვირისა და წლის განმსაზღვრელი ინფორმაცია, რაც წარმოდგენას ქმნის მის მდგომარეობაზე. თუმცა მე ყველას ვურჩევ, მხოლოდ მას ნუ ენდობა. შიდა დაზიანებები ხშირად შეუმჩნეველია და არსებობს რისკი, რომ პროტექტორი ხელოვნურად იყოს გაღრმავებული ან ძალიან გაცვეთილ საბურავზე ხელახლა გადაკრული. ეს შესაძლოა ვიზუალურად მისაღები ჩანდეს, მაგრამ ზამთრის გზებზე პრაქტიკულად არაეფექტურია.

საბოლოოდ, პირველადი დანაზოგი ხშირად დიდ სამომავლო ხარჯებს ქმნის, რაც ავარიის რისკების, საწვავის მეტი მოხმარების, არასასურველი დაზიანებებისა და დამატებითი შეცვლის აუცილებლობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ახალი საბურავის შეძენა გრძელვადიანად უფრო ეკონომიური, უსაფრთხო და საიმედო გადაწყვეტილებაა.

– რა ძირითადი ტექნიკური ნიშნები უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა, რომ ზამთრის საბურავი სწორად შეარჩიონ და მოძრაობის უსაფრთხოება უზრუნველყონ?

ზამთრის საბურავის შერჩევისას მძღოლებს მართლაც სჭირდებათ საბაზო ცოდნა, რადგან თითოეული ტექნიკური ელემენტი პირდაპირ გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე. უპირველესად, თუ საბურავს ზემოდან დავხედავთ, შევამჩნევთ სხვადასხვა ტიპის ზოლსა და არხს – სწორედ ისინი განსაზღვრავს, რა სიჩქარით და რა ეფექტურობით შეძლებს საბურავი წყლისა და თოვლის გაფანტვას, როგორი მოჭიდება ექნება და რა დისტანციაზე დაამუხრუჭებს სველ ან მოცურებისკენ მიდრეკილ ზედაპირზე.

ზამთრის საბურავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტექტორის სტრუქტურაც. მის კუბს (ბლოკებს) ხშირად აქვს ნაძვისებრი ან ტალღოვანი ზოლიანი დიზაინი (ე.წ. „ლამელები“), რომლებიც ზამთარში გადაადგილების მთავარი მექანიზმია. მათი დანიშნულებაა თოვლის იოლად გაფანტვა და საბურავის მყარი მოჭიდება თოვლქვეშ არსებულ ყინულიან ზედაპირზე. თუ ეს ელემენტები ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს, საბურავი ვერ ახერხებს მოჭიდებას და მანქანა მარტივად მოცურდება.

ზამთრის უსაფრთხო გადაადგილება დიდწილად ამ მახასიათებლებზეა დამყარებული – მხოლოდ დიზაინზე დაკვირვება არ არის საკმარისი. საჭიროა, მძღოლმა კარგად იცოდეს, როგორ მუშაობს ეს დეტალები სინამდვილეში. საბოლოოდ, სწორი საბურავის შერჩევა ხდება ცოდნის, დაკვირვებისა და გამოცდილების ერთობლიობით. ზოლების სტრუქტურის, პროტექტორის დიზაინისა და ფუნქციის ცოდნა მძღოლებს ეხმარება, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზამთრის გზებზე რეალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ახალი ზამთრის საბურავების შემთხვევაში ის რისკები, რაც შესაძლოა მეორად საბურავს ახლდეს, მთლიანად განულებულია. ახალ საბურავს აქვს ღრმა, ოპტიმიზებული პროტექტორი, რომელიც შექმნილია თოვლთან, ყინულთან და სველ ზედაპირთან მაქსიმალური მოჭიდების შესანარჩუნებლად. ხშირად ჩნდება კითხვა, სად შეიძლება უსაფრთხო საბურავის შეძენა – მაღალი ხარისხის ბრენდები, როგორებიცაა Bridgestone, Michelin და სხვები, აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. წინასაახალწლოდ ასეთი ბრენდები უფრო ხელმისაწვდომ პირობებსაც გვთავაზობს, რაც ახალ საბურავზე გადასვლას კიდევ უფრო გამართლებულს ხდის.

– და ბოლოს, რეგულაციით გათვალისწინებული ვალდებულების გარდა, რატომ გვჭირდება სეზონის შესაბამისი საბურავი ზამთარში? რა ძირითადი განსხვავებაა სხვა ტიპის საბურავებთან მიმართებით?

– +7°C ტემპერატურის ქვემოთ რეკომენდებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა. ეს არა მხოლოდ რჩევა, არამედ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზამთრის და სხვა სეზონურ საბურავებს შორის ფუნდამენტური განსხვავება რეზინის ნაერთია, რომლისგანაც ისინი მზადდება. ზაფხულის საბურავები შედარებით მყარი რეზინის ნაერთისგან მზადდება, რომელიც უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას ცხელ ამინდში და ხელს უშლის სწრაფ ცვეთას გახურებულ ასფალტზე. თუმცა, როცა ტემპერატურა 7 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის, ეს რეზინი კარგავს სიმტკიცეს, მოქნილობას და, შედეგად, საგრძნობლად მცირდება მისი მოჭიდების უნარი გზასთან. ამ დროს ზაფხულის საბურავები ვერ უზრუნველყოფს გზაზე საჭირო ეფექტურ კონტროლს და ამის გამო იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

ზამთრის საბურავები უფრო რბილ, ელასტიკურ რეზინის ნაერთს შეიცავს. ეს ქიმიური შემადგენლობა საშუალებას აძლევს საბურავს შეინარჩუნოს მოქნილობა და სირბილე დაბალ ტემპერატურაზეც კი. ამგვარად, ის უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს გზის საფართან, რაც გადამწყვეტია მოყინულ და თოვლიან პირობებში. ამავე მიზეზით, ზამთრის საბურავებით სამუხრუჭე მანძილი ბევრად მოკლეა, ხოლო მართვის სტაბილურობა და მანევრირების უნარი ფაქტობრივად უზადო. ზაფხულის საბურავებით დამუხრუჭების მანძილი შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს, რაც საგრძნობლად ზრდის საგზაო ინციდენტების რისკს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g