LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხაჟომიას რთული გზა განკურნებისკენ: „ბავშვმა იმხელა ემპათია მაჩვენა, ღამ-ღამობით მამოწმებდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა…“

404
ნინო-ხაჟომია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, ნინო ხაჟომია. მას სიმსივნის დიაგნოზი აქვს და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. ტელეჟურნალისტს დაავადებასთან გამკლავების საკუთარი მეთოდები აქვს.

როგორი ბავშვობა გქონდა?

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ჩემი ავადმყოფობა არ უკავშირდება ბავშვობას. ბავშვობაში არ მინდოდა ჟურნალისტობა, მინდოდა, კინორეჟისორი გავმხდარიყავი, მაგრამ მახსოვს, როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტობა მსურდა, ეს მაშინ მოხდა, როცა დავინახე, როგორ გადმოდიოდა ხალხი ჭუბერზე, მარტო „პირველი არხი“ იყო მაშინ და ისინი აშუქებდნენ. დღემდე ჩემი ოცნებაა, გავაკეთო დოკუმენტური ფილმი ჭუბერზე. ადამიანებს საოცარი ისტორიები ჰქონდათ.

შემდეგ მოვხვდი ყველაზე ტრენდულ გადაცემაში, „60 წუთი“. ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, 19 წლის გოგო. აკაკი გოგიჩაიშვილმა მითხრა, კანცელარიაში უნდა წახვიდე ინტერვიუზეო. აკაკი გავიცანი ამერიკაში, რომ ჩამოვედი, მკითხა, ხომ არ მოსინჯავო. ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. ექსტრიმი იყო ჩემთვის, მახსოვს, ფინანსთა სამინისტროდან დოკუმენტი მაქვს მოპარული.

მე და აკაკიმ გავაკეთეთ პირველი რეალური შოუ, „იდეა ფული და ერთი შანსი“. ძალიან მაგარი იყო. შემდეგ კი უკვე გაჩნდა „ბიზნეს კურიერი“. მაშინ სხვა იყო ჟურნალისტიკა, ახლა რაც კეთდება, ეს არ არის ჟურნალისტიკა. მე სიმართლის გარდა არაფერი გამიკეთებია.

როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც დიაგნოზის შესახებ შეიტყვე?

შოკი არ მქონია, თითქოს მთელი ცხოვრება ველოდებოდი ამას, დედას და დეიდას კიბო ჰქონდათ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მქონდა გაბრაზება, – რატომ მე. მე მართლა მაინტერესებს, მარტოხელა დედები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თან ებრძვიან ასეთ დიაგნოზს, როგორ ახერხებენ ყველაფერს, კიბოსთან თანაცხოვრებას როგორ ახერხებენ. ჩემი მთელი დრო მიჰქონდა მხოლოდ კიბოს.

ახლა ვჩქარობ რეაბილიტაციას, ჩემი მთაში წასვლის დროა, ჩემი ბიზნესი ზამთარში იწყება. ახლა დავასრულე ბოლო ქიმია, დასხივებას ვიკეთებ და საკუთარ სხეულს ვეუბნები, ფეხზე წამოდექი-მეთქი, იმიტომ, რომ ბევრი საქმე მაქვს. ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო, ბავშვმა იმხელა ემპათია მაჩვენა, არ ვიცოდი, კაცებს ახელა თანაგრძნობა თუ შეეძლოთ. ღამ-ღამობით მამოწმებდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. უცბად 10-იანებზე დაიწყო სწავლა. ამით მაინც გაგახარებო. კიბომ იმხელა ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემში, რაღაც მომენტში ბედნიერიც კი ვარ, რომ ეს დამემართა, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი მაჩვენა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი.

შენ აიყვანე შვილი…

ამ თემასთან დაკავშირებით თამუნა მუსერიძესთან ვიყავი სტუმრად, მერე კომენტარებს გადავავლე თვალი, არ ეყოლება კანონიერად აყვანილიო, წერდნენ. წლების წინ გადავწყვიტე ეს, როცა კოჯრის ბავშვთა სახლში ვნახე, რაც ხდებოდა. მინდოდა, ერთი ბავშვი დამეყენებინა გზაზე და მისთვის მიმეცა სითბო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, მეორე შვილი მყოლოდა, 10 წელი ვიდექი რიგში. მოულოდნელად დარეკეს, წავედი, ვნახე, არც მიფიქრია და სამ თვეში უკვე ჩვენთან იყო. ნიკამ იცის, ახლა 13 წლისაა, მაშინ წლის და ერთი თვის იყო. საოცარი ბავშვია, ნიკასთვის ვიბრძოდი, ნიკას დედას მეორედ ვერ წავართმევ-მეთქი. მე დიდი გეგმები მაქვს, ფარ-ხმალს არ ვყრი.

რას ეტყვი იმ ქალებს, ვინც კიბოს ებრძვიან?

მოდი, შაბლონურად ვიტყვი, კიბო განაჩენი არა არის და მართლა არ არის განაჩენი. სკრინინგი არის გადარჩენის გზა. ვინც ახლა გადის ამ გზას, ყველას 100-წლიან რემისიას ვუსურვებ, მე თუ გავუძელი, ყველა გაუძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები