LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით საყვარელ თინათინს… შესანიშნავი მხატვარი, გულისხმიერი პედაგოგი და ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოებული პიროვნება, მისი ღვაწლი ქართული თეატრის განვითარების გზაზე ფასდაუდებელია“ – გარდაიცვალა მხატვარი თინათინ ჰაინე

181
თინათინ ჰაინე

რუსთაველის ეროვნული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი, პედაგოგი თინათინ ჰაინე.

რუსთაველის თეატრი თინათინ ჰაინეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მხატვრის, თინათინ ჰაინეს გარდაცვალების გამო.

თინათინ ჰაინე – შესანიშნავი მხატვარი, გულისხმიერი პედაგოგი და ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოებული პიროვნება…

ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ქალბატონი თინათინის გარდაცვალებამ.

ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა და სრულიად ახალბედა მხატვარს, თავად სერგო ქობულაძემ დაულოცა გზა ხელოვნებაში. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, თეატრალურ-დეკორაციული განყოფილება, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ სადიპლომო ნამუშევრის თემა იყო. პირველი სპექტაკლი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გახლდათ კვლავ მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჰერმან ვედეკინდის დადგმა.

1969 წლიდან დაიწყო მისი ურთიერთობა თეატრთან. ქალბატონ თინათინს ორასამდე სპექტაკლის სცენოგრაფია აქვს შექმნილი. მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, შალვა გაწერელია და მრავალი სხვა.

არც ფერწერას ივიწყებდა და არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია. 90-იან წლებში ხშირად იფინებოდა გერმანიაში. ორგანიზება გაუკეთა ქართველ მხატვართა გამოფენებს გერმანიის რამდენიმე ქალაქში.

თინათინ ჰაინე მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და არაერთი თაობა აღზარდა, აზიარა დიდ ხელოვნებას.

მისი თვალები მუდამ სიკეთეს ასხივებდნენ, ალბათ ამიტომაც იმსახურებდა გარშემომყოფთა დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

ჯერ კიდევ პატარა თინათინს მამა ხშირად უყვებოდა გერმანიაზე, საქსონიაზე და იქ, სამშობლოში, დაბრუნების სურვილი მუდამ თან სდევდა. ეს სურვილი კი სულ რამდენიმე წლის წინათ აისრულა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საქართველოს სიყვარულიც თან გაიყოლა. „თვალს რომ დავხუჭავ, დაძინებაც არ მჭირდება, ჩემს საყვარელ თბილისს ვხედავ“ – ამბობდა ხშირად და ეს სიყვარული თან გაჰყვა ალბათ.

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით საყვარელ თინათინს, მისი ნათელი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში“, – აღნიშნულია რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მხატვრის, თინათინ ჰაინეს გარდაცვალების გამო. თინათინ…

Posted by Rustaveli National Theatre • რუსთაველის ეროვნული თეატრი on ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025

თინათინ ჰაინეს შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილიც და მხატვართან თანამშრომლობისა და მეგობრობის პერიოდს იხსენებს:

„გერმანული წარმოშობის შესანიშნავი ქართველ მხატვარი, არაჩვეულებრივი პედაგოგი თინათინ ჰაინეს დღეს სამარადისოდ დაგვემშვიდობა!

ვისაც თეატრალურ ინსტიტუტთან შეხება ჰქონიათ 70-იანი წლებიდან მოყოლებული 2000-იანების ჩათვლით, ყველამ არაჩვეულებრივად იცოდა ამ დიდებული ქალბატონის შემოქმედებითი თუ პედაგოგიური ალღო. ქალბატონი თინა იყო პრაქტიკულად ყველა საკურსო თუ სადიპლომო სპექტაკლის მხატვარი. სასწავლო თეატრის პატარა სცენურ მოედნებზე თითქმის უსახსროდ ქალბატონი თინა სასწაულებს ახდენდა.

ქალბატონ ლილი იოსელიანთან გაფორმებული „იდიოტი“ და „სამი და“ სცენოგრაფიულ შედევრებად მიმაჩნია. ისეთი დახვეწილი იყო, როგორც დეკორაცია, ისე კოსტიუმები. ღრმად განსწავლული საკუთარ პროფესიაში, კოსტიუმების ისტორიის კურსსაც კითხულობდა, სადაც სულ სხვა თინათინ ჰაინე იყო ჩვენ წინაშე. მუდამ ანთებული, საოცარი სიყვარულით მოსაუბრე, როგორც დიდ წინაპრებზე, ისე განსაკუთრებით მის კოლეგა-სცენოგრაფებზე. ქალბატონ თინას გამოარჩევდით უკიდურესი თავმდაბლობითაც. ის მუდამ იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საყვარელ საქმეს ჩუმად, უსიტყვოდ, ყოველგვარი ზედმეტი ყელ-ყელაობის გარეშე. ჩვენს ჯგუფს გაუმართლა, მასთან მუშაობის დიდი ბედნიერება გვქონდა. შემდეგ მე, როგორც პედაგოგს და რეჟისორს, სამჯერ მქონდა ბედნიერება მასთან მუშაობის ლალი როსებას პიესებზე „პრემიერა„ და „სიყვარულის მზე“ და მილერის „მძიმე განსაცდელზე“. განსაკუთრებული სწორედ ეს უკანასკნელი იყო, სეილემში მომხდარი ტრაგედიის მისეული სცენოგრაფია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ პიესის ინტერპრეტაციებს შორის.

შემდეგ ისე მოხდა, რომ კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრში ტერენტი გრანელზე სპექტაკლის დადგმა შემომთავაზა, ქალბატონ თინას ვთხოვე დახმარება. რამდენიმე დღეში ესკიზი მომიტანა… სხვადასხვა გარემოებათა გამო სპექტაკლი ვერ განხორციელდა, თუმცა სწორედ ეს ესკიზი დარჩა, რომელსაც დღეს ვაქვეყნებ. იგი ჩემს პირად კოლექციას ამდიდრებს და ალამაზებს, დღეიდან კი ორმაგი მნიშვნელობა მიენიჭა.

ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით, ვსწავლობდი თქვენგან, ვთანამშრომლობდი, იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის შემდეგ, უკვე გერმანიაში მყოფს გთხოვეთ სპექტაკლი გამიფორმეთ-მეთქი. მახსოვს, თითქმის ლოგინს მიჯაჭვული როგორ აენთეთ, როგორ გაიხარეთ. მალე ესკიზები გამომიგზავნეთ და სულ რაღაც 2 წლის წინ გორის თეატრის საპრემიერო აფიშაზე კვლავ გამოჩნდა თქვენი სახელი. სამწუხაროდ, ეს სპექტაკლი უკანასკნელი აღმოჩნდა თქვენთვის.

დიდი ქალბატონი თინათინი, ბოლო წლებში, თავის ისტორიულ სამშობლოში, გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტივით. საქართველოსადმი დიდი სიყვარულითა და მონატრებით. დღეს მარადისობის ბინადარი გახდა. მისი ღვაწლი ქართული თეატრის განვითარების გზაზე ფასდაუდებელია“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

გერმანული წარმოშობის შესანიშნავი ქართველ მხატვარი, არაჩვეულებრივი პედაგოგი თინათინ ჰაინეს დღეს სამარადისოდ…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025

ფოტო სლაიდზე: საქართველოს პირველი არხი

magti 5g