დღეს მსახიობ თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა – მსახიობი 94 წლის გახდებოდა.
თენგიზ არჩვაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი და მსახიობის პიროვნულ და პროფესიულ შტრიხებზე წერს.
„დღეს ბატონი თენგიზ არჩვაძე 94 წლის გახდებოდა! ბედნიერება მხვდა წილად ვყოფილიყავი მისი პარტნიორი, ჩამეტარებინა მასთან რეპეტიცია, ჩავეთვალე მის უმცროს მეგობრად, შემექმნა წიგნი-ალბომი „სახალხო არტისტი – თენგიზ არჩვაძე“. იგი არავის არ ჰგავდა: ქვეყნისადმი, პროფესიისადმი, ოჯახისადმი, კოლეგებისადმი, მეგობრებისადმი, ქალბატონებისადმი… მისი დამოკიდებულება – „არჩვაძისეული ხედვა“ – იყო რაინდული, ამაღლებული, განსაკუთრებული. ამ დამოკიდებულებებს შეუძლებელი იყო აღფრთოვანებაში არ მოეყვანე.
თეატრში რიგ მიზეზთა გამო ბოლომდე ვერ დაიხარჯა, კინოში მისი გარეგნობისა თუ ტალანტის კაცი 50-მდე ფილმში გადაიღეს მხოლოდ, არადა ბევრნი ფილმოგრაფიის რაოდენობით ასზე მეტი ფილმით შევიდნენ ისტორიაში, ესტრადაზეც მხოლოდ სიცოცხლის თავდაღმართში გამოჩნდა, თუმცა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან (მისი დებიუტიდან) სიცოცხლის ბოლომდე დარჩა „მისი უდიდებულესობა – მაყურებლის“ განსაკუთრებულ კუმირად.
მაყურებელმა მისი შემოქმედებითი და პიროვნული თვისებები, რომელიც ყველა როლში თუ საჯარო გამოსვლაში ვლინდებოდა, აიტაცა და შეიყვარა. უდიდეს პოპულარობასა და სიყვარულსაც ბატონი თენგიზი ღირსეულად შეხვდა და თავმდაბლობის განსაკუთრებული გაკვეთილი ჩაგვიტარა ყველას, ვინც მას იცნობდა.
დღეს თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა. კაცის, რომელიც ძალიან ჰგავდა მის სამშობლოს, კაცის, რომელიც სწორედ სამშობლოს სიყვარულში გაილია.
p.s. ფოტოებზე აღბეჭდილია მისი წიგნის პრეზენტაციის კადრები“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი
