დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებული პირის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. მცირე სიტყვით ისარგებლეს თავად ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემაც.
როგორც მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, „არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია“.
„მადლობა [მოსამართლეს] იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან [პროკურორებს], უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია.
არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
ადვოკატის მიერ შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მცირე რეპლიკით ისარგებლა ონისე ცხადაძემაც:
„პირველად არის, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა… არაფერი ისეთი, თავისუფლებას გისურვებთ ყველას. სამი თუ ოთხი სხვადასხვა მხარეა, ვინც ახლა ერთად ვართ. ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ. თავისუფლება როცა იქნება, თანასწორობაც იქნება“, – აღნიშნა ონისე ცხადაძემ.
ამასთან, სიტყვით ისარგებლა რევაზ კიკნაძემაც და მან მოსამართლეს მიმართა:
„დავიწყოთ სოლიდარობით, სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატორის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს, ყველამ მაგალითი უნდა აიღოს, ვინც საკუთარ თავზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას აყენებს.
მინდა ყოველდღე დავსვა კითხვა, თუ რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე. ხომ უნდა ვიცოდეთ რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ? ვიდრე პასუხს არ მივიღებთ, ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, რადგან ორმაგს გააკეთებენ მერე და ხმის ამომღებიც არავინ იქნება.
მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში წყდება? იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ყველაფერი გავუტარეთ და დღეს, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩუმად იყავით ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო.
ვუყურებ ქვეყანაში სიტუაციას, დათა თუთაშხიადან არქიფო სეთურის ნახირი მახსენდება და იმას შევადარებდი, ვინც კიდევ მთავრობას უჭერს მხარს… რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე. შერჩევით სამართალს უნდა შევეხო, მაგალითად, რაც მახსენდება, ზვიადაურია, მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური.
გიგა ავალიანის საქმეს უნდა შევეხო, იმათ [ბრალდებულებს] არ უკვალიფიცირებდნენ ვიდრე დედამ არ ამოიღო ხმა და ჩვენ ჯგუფურობას გვედავებიან.
ხალხნო, არასდროს შეგეშინდეთ ერთი სიტყვის – რევოლუციის, რევოლუცია მშვიდობის საწინდარია, ყველაფერი არეული რევოლუციით ლაგდება“, – განაცხადა რევაზ კიკნაძემ.
