კომპანია Aston Martin 2026 წლიდან ფორმულა 1-ის ჩემპიონატს უსაფრთხოების ავტომობილებს აღარ მიაწვდის. როგორც გამოცემა Motorsport წერს, შესაბამისი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ბოლოს ამოიწურა, ხოლო ბრიტანულმა გრანდ ტურერებისა და სუპერქარების მწარმოებელმა მისი გაგრძელება აღარ ისურვა. შედეგად, ფორმულა 1-ში უსაფრთხოების ავტომობილების ერთადერთ მომწოდებლად Mercedes-AMG დარჩება.
Aston Martin-ში კონტრაქტის შეწყვეტა ბრენდის ფორმულა 1-ში მონაწილეობის საერთო გაძლიერებით ახსნეს. თუმცა გამოცემა The Race სხვა ვერსიებსაც განიხილავს: ერთ-ერთი ვარაუდით, ბრიტანული ბრენდის ავტომობილები ორგანიზატორებს ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით აღარ აკმაყოფილებდათ, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, კომპანიამ ამ თანამშრომლობაში კომერციული სარგებელი ვეღარ დაინახა.

ბოლო წლებში Aston Martin-ის უსაფრთხოების ავტომობილის როლს ასრულებდა Vantage S – 680 ცხენის ძალის ძრავით. გარდა ამისა, ფორმულა 1-ის ტრასებზე გამოიყენებოდა DBX707 კროსოვერი, რომელიც სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.
2026 სეზონიდან ორივე ფუნქციას Mercedes-AMG-ის სუპერქარები შეასრულებენ – 730 ცხენის ძალის მქონე GT Black Series და Mercedes-AMG GT 63 S ლიფტბეკი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია Aston Martin-ის გეგმაზე, გაეყიდა თავისი წილი ფორმულა 1-ის გუნდში. მიუხედავად ამისა, პოტენციურ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო ბრიტანული ბრენდის სახელის შენარჩუნება ჩემპიონატში. შედგა თუ არა ეს გარიგება, ჯერჯერობით უცნობია.