იტალიურმა კომპანიამ Aznom-მა წარმოადგინა თავისი მეორე პროექტი სახელწოდებით L’Epoque. ეს არის მონუმენტური ლიმუზინი 8 მეტრის სიგრძით, უცნაური ექსტერიერის დიზაინით, გადაჭარბებულად მდიდრული ინტერიერით და 1000 ცხენის ძალის ჰიბრიდული ძრავით. ოფიციალურად მოდელი კონცეპტად ითვლება, თუმცა Aznom-ის პირველი პროექტის – კროსოვერ Palladium-ის გამოცდილების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ექსტრავაგანტური სედანი საბოლოოდ სერიულ წარმოებაშიც მოხვდეს.
დეველოპერების თქმით, L’Epoque-ის დიზაინი წარმოადგენს 1920–30-იანი წლების ავტომობილების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას. სედანის გარეგნობაში კონსერვატიული ელემენტები – მასიური ვერტიკალური რადიატორის ცხაური და ბრტყელი კაპოტი, სპორტქარებისთვის დამახასიათებელ დეტალებთან არის შერწყმული, როგორიცაა გამოკვეთილი საბურავების თაღები და წაგრძელებული უკანა ნაწილი. მოდელს ასევე აქვს კარების უჩვეულო კონფიგურაცია: წინა კარები სრიალით იხსნება, უკანა კი კლასიკურად იხსნება. ვიზუალურ ეფექტს ავსებს 30 დუიმიანი დისკები.

ინტერიერი იტალიური მისაღები ოთახების სტილშია შესრულებული და გამოყენებულია მსგავსი მასალები – ხე, ქსოვილი, მეტალი და ტყავი. უკანა მგზავრებისთვის გათვალისწინებულია ჟურნალის მაგიდა და დიდი კარადა, ხოლო წინა სავარძლები უფრო შინაურ სავარძლებს ჰგავს, ვიდრე ავტომობილის სკამებს. მულტიმედიური სისტემა აქაც არის, თუმცა ეკრანები ფარულადაა განთავსებული. ცნობილია ისიც, რომ სალონს მართავს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს კლიმატს, განათებასა და არომატებს.

Aznom-ის კონცეფციის მიხედვით, ლიმუზინი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით – თითო თითოეულ ბორბალზე და ბენზინის V6 ძრავით, რომელიც 100 კილოვატ-საათიანი ელემენტის დამუხტვას ემსახურება. ასევე იგეგმება ადაპტიური დაკიდების სისტემა. სხვა ტექნიკური დეტალები კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია.