საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“, საზოგადოებამ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებელი გაიცნო და პროექტის სხვადასხვა ეპიზოდში, მრავალი გამორჩეული დუეტიც მოისმინა.
ახლახან, პროექტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს ის სიმღერები, რომელიც „რანინას“ მიმდინარეობის დროს, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად იმღერეს.
კონცერტი „გარდენიაში“ გაიმართა, კონცერტის ვიდეოჩანაწერებს კი ანსამბლი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც მათე მარტიაშვილი „შავნაბადასთან“ ერთად კიდევ ერთხელ ასრულებს ჯანსუღ კახიძის სიმღერას – „ოღონდ შენთან მამყოფინა“, ახლახან გამოქვეყნდა.
„ვუსმენ და ცრემლი მომდის“, „საოცარი მათე“, „ნამდვილი ბრილიანტი“, „ბრავო! შესანიშნავია“, „დიდი სიამოვნებაა მათეს სიმღერის მოსმენა“, „სასწაულია ეს ბავშვი“, „ამ ბიჭის ნამღერზე გული და სუნთქვა მიჩერდება“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
