LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ წლების წინ შექმნილ ჩემს სიმღერებს დღეს მღერიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც კი არ იყვნენ…“ – როგორ დაიწერა „თბილისის მზეს“ და რას ნანობს ყველაზე მეტად კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე

1314
ლილიკო ნემსაძეე

ლილიკო ნემსაძე – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი კომპოზიტორია, რომლის ანგარიშზეც არაერთი ჰიტია. მის სიმღერებს ასრულებენ პოპულარული შემსრულებლებიც და მთელი საქართველოც… ახლახან ლილიკო თავის კოლეგებთან ერთად „რუსთავი 2“-ის ახალ პროექტში „ქართული“ ჟიურის წევრი გახდა და ქართული სიმღერის შემსრულებლებს აფასებს…

საუბარი პროექტ „ქართულით“ დავიწყოთ, პირველად ხართ ჟიურის წევრი, როგორი ამპლუაა ეს თქვენთვის?

ახლა უკვე მესმის ყველა ჟიურის წევრის, ვინც აქამდე სხვადასხვა პროექტში ყოფილა (იღიმის). ჟიურის წევრობა ძალიან საპასუხისმგებლოა. ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდეს, რომ არაფერი გამოგეპაროს. მცირე შეცდომაც კი აისახება შეფასებაზეც, შემსრულებელზეც, გამოხმაურებაზეც, როცა სოციალურ ქსელში დაიდება… ჟიურის წევრობას თან დაძაბულობა ახლავს.

მეორე მხრივ, მივესალმები იმას, რომ ქართული სიმღერის პროპაგანდა მიმდინარეობს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ქართული სიმღერა ასე უყვართ ახალგაზრდებს. მიხარია, რომ წლების წინ შექმნილ ჩემს სიმღერებს დღეს მღერიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც კი არ იყვნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ სიმღერას ვერასდროს ვერაფერი წაშლის, ვერ დაკარგავს… ის ყოველთვის უკვდავი იქნება…

„ქართულის“ ჟიურიში თქვენს კოლეგებთან ერთად ხართ, მათ შორის არიან ნატო გელაშვილი, ეკა კახიანი, ლაშა კერვალიძე და გიორგი ლომთათიძე. როგორია მათთან ერთად ამ პასუხისმგებლობის გაზიარება?

ყველა მათგანი ჩემი მეგობარია და უცებ ერთად აღმოვჩნდით ჟიურის წევრები. ძალიან კომფორტულია მათთან ერთად მუშაობა. გამიმართლა, რომ ასეთ ობიექტურ ადამიანებთან ერთად ვარ ჟიურიში, სიმართლის თქმას არ ერიდებიან. ვფიქრობ, ჟიურის წევრებს ხშირად ერთიანი აზრი გვაქვს…

რა იყო აღმოჩენა ამ პროექტში თქვენთვის?

ხაზს გავუსვამ რეგიონებს. რეგიონებში ქართული სიმღერა ჩემი სუსტი წერტილია, ყოველთვის გული მიჩუყდება. რეგიონებში მუსიკოსებს არ აქვთ ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ჩვენ გვაქვს, არც იმის შესაძლებლობაა ხშირად, რომ მსმენელს შეხვდნენ და კონცერტები გამართონ. წარმოიდგინეთ, ამის მიუხედავად, სახლიდან დაქანცულები გარბაინ რეპეტიციებზე, რომ შეინარჩუნონ და განაგრძონ ქართული სიმღერის ტრადიცია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი მოდის რეგიონებიდან… მიხარია, რომ ამდენი ჯგუფი ჩამოვიდა პროექტ „ქართულისთვის“. მართლა გულისამაჩუყებელია ჩემთვის და ფაქიზი და სათუთი შესაფასებელია. თუ ისინი არ გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოგვეწონა. კიდევ უნდა მიიღონ მონაწილეობა. რეგიონი ყოველთვის გამარჯვებული იქნება…

მაყურებელმა პირველი ეპიზოდიდან გამოიტანა დასკვნა, რომ საკმაოდ მკაცრი ხართ, როცა საქმე ქართული სიმღერის შეფასებას ეხება…

სხვათა შორის, აქცენტი გაკეთდა ჩემს სერიოზულ სახეზე (იღიმის). მაგრამ ეს ჩემი მანერაა, როცა მუსიკას ვუსმენ, რომ არაფერი გამომეპაროს, გავიგო სიღრმისეულად, რას ვუსმენ. დავინახო ყველაფერი, რაც დასანახია. ეს არ ნიშნავს, რომ თავად მე ვარ მკაცრი. რა თქმა უნდა, როცა მუსიკოსი ხარ, უნდა შეაფასო ობიექტურად და დაინახო მინუსი. ჩემი სერიოზული სახე მონაწილეებს არ ეკუთვნით… ასე ვუსმენ მუსიკას ყოველთვის… მით უმეტეს, როცა ობიექტურად უნდა შევაფასო…

როგორია განცდა, რომ თქვენს სიმღერებს წლებია მღერიან და ახალ-ახალ სიცოცხლეს იძენს ის ძველი კომპოზიციები, რომლებიც წლების წინ შექმენით?

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სიმღერების წერა დავიწყე და ჩემი პირველი სიმღერები შეასრულეს. გაჰიტდება თუ არა სიმღერა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული – სიმღერაზეც, შემსრულებელზეც და არანჟირებაზეც. ყოველთვის აღვნიშნავ იმ მომღერლებს, რომლებმაც ჰიტებად აქციეს ეს სიმღერები, ეს მათი დამსახურებაცაა, ზუსტად ისე შეასრულეს, როგორც დაიწერა… ასევე დიდი დამსახურებაა იმ მუსიკოსების, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იდგნენ,- ირაკლი მენთეშაშვილი, ზურა მახნიაშვილი და ბორიკო შხიანი, საუკეთესო არანჟირებების ავტორები.

როგორ ხდება სიმღერა პოპულარული? რა თქმა უნდა, მხოლოდ ის არ კმარა, რომ დაწერო კარგი მელოდია და ტექსტი… ყოფილა შემთხვევები, როცა სიმღერა დაკარგულა. ეს ზუსტად იმის ბრალია, რომ მომღერალმა ვერ მიიტანა მსმენელამდე, ისტორია არ შექმნა ამ სიმღერის ისე, როგორიც ჩაფიქრებული იყო…

თქვენს რეპერტუარში ბევრი განსაკუთრებული სიმღერაა, მაგრამ არის ერთი კომპოზიცია, რომლის არაერთი შესრულება არსებობს უკვე… „თბილისის მზეს“ თქვენთვისაც ისეთი გამორჩეულია, როგორიც მსმენელისთვის?

სხვადასხვა დროს, ჩემი რეპერტუარიდან, სხვადასხვა საყვარელი სიმღერა მაქვს, მაგრამ „თბილისის მზეს“ მუდამ შედის ჩემთვის ღირებულ სიმღერებში. იმ პერიოდში „ფორტესთვის“ რამდენიმე სიმღერა დავწერე. „თბილისის მზეც“ ერთ-ერთი მათგანი იყო. დავწერე ოთხი ადამიანისთვის შესასრულებლად… სრულიად ჩვეულებრივად… „ფორტემ“ ეს სიმღერა ნამდვილად დახატა, თუმცა არ მეგონა, თუ ასეთი გაგრძელება ექნებოდა. არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, თუმცა ამ სიმღერის ჩაწერა ძალიან გაიწელა, რადგან ნიკოლოზი იმ პერიოდში ძალიან დაკავებული იყო, ხან თბილისში არ იყო… როცა უკვე აღარ ველოდებოდი, დამირეკა „ფორტემ“ და მითხრეს, რომ როგორც იქნა, ნიკა დაიჭირეს და სიმღერა ჩაწერეს. სიმღერის ტექსტი გია ჯოხაძეს ეკუთვნის, სხვანაირი ფუნჯი აიღო და სულ სხვა ფერები შეიტანა თბილისზე სიმღერაში… არ შემიძლია, არ აღვნიშნო ზაზა ორაშვილის კლიპი. როცა დამირეკეს და დამპატიჟეს პრეზენტაციაზე, ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ არ მინდა, ვინმემ მითხრას, ამ სიმღერაზე კლიპი არ იყო გადასაღებიო…

მე თვითონ არ მოველოდი მის ასეთ პოპულარობას. ერთ დღეს, შემხვდა ნინო ლორთქიფანიძე, გიგა ლორთქიფანიძის შვილი და მითხრა, მამას ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც თბილისზე დაწერილაო. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ კი, ვაჟა აზარაშვილისგან მოვისმინე საქებარი სიტყვები, შემდეგ სხვა კომპოზიტორებისგანაც და მივხვდი, რომ სიმღერა გამოვიდა… ზოგადად, არ მიყვარს საკუთარი თავით ტკბობა და მე-მეს ძახილი. მირჩევნია, სხვამ თქვას და შემაქოს. თუ რაიმე ღირებულს შექმნი, ხალხისგან შეფასებაც შესაბამისი იქნება.

რომელია საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც კოლეგისგან მიგიღიათ?

რამდენიმე ასეთ კომპლიმენტს გავიხსენებ – ანზორ ერქომაიშვილმა სიმღერაზე „სატრფიალო“ მითხრა, ეს ისეთი სიმღერაა, რომელიც სულ დარჩებაო. ახალი სიტყვაა ამ ჟანრში, რადგან საესტრადოც რომ იყოს და ფოლკლორიც, ეს ჩემთვის სიახლეაო. ვაჟა აზარაშვილმა მითხრა, რომანსი „მიყვარხარ“ არის შედევრიო. ქალბატონი ნუნუ გაბუნია არასდროს იშურებს საქებარ სიტყვებს, ეს არის გარანტია იმისთვის, რომ მუზა მომივიდეს და დავწერო. თითქოს ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემოქმედებაში პაუზა გაქვს და აღარ წერ ისე, როგორც ადრე წერდი. ერთხელ, ქალბატონ ნუნუს ვკითხე ასეთი პაუზების შესახებ, რომელიც მაღელვებს ხოლმე, მან კი მიპასუხა, რომ კომპოზიტორის ცხოვრებაში მსგავსი პერიოდები სულ არის, მაგრამ კომპოზიტორი ყოველთვის წერს… თუ ნაკლებად გამოჩნდები, ხალხიც გეკითხება, სად ხარ? რატომ დაიკარგე? მსმენელი არ გპატიობს პაუზას. ეს ისახება შენს შემოქმედებაზე. თუ დაიწყე ასეთი დიდი დოზით, ბოლომდე უნდა გააგრძელო.

რატომ არ გიყვართ საჯაროდ ხშირად გამოჩენა?

მიზეზი ის არის, რომ არ ვარ ავტორ-შემსრულებელი. თავიდანვე დამაბრკოლა ამან. მაყურებელთან პირადად კონტაქტის შესაძლებლობა დამიკარგა. მეც ავირჩიე ის, რომ ვარ კომპოზიტორი და უნდა ვწერო. ძალიან ძნელია სცენაზე დგომა და სიმღერა, თუმცა მე ისედაც მირჩევნია, სითბო ნაწარმოებში გავუშვა…

მსმენელის მხრიდან მოსმენილი შეფასებებიდან რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

ხალხი არის მთავარი. ზოგჯერ გეკითხებიან, რა შემთხვევაში მოდის მუზა. უცხო ადამიანის სიტყვას ზოგჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვას ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი სიტყვა არის მთავარი. კრიტიკა ძალიან მისაღებია ჩემთვის, შენიშვნაც მიმიღია, მაგრამ უბრალო ადამიანის შეფასება გულს გაგითბობს… ეს სხვანაირად აისახება შენს შემოქმედებაზე. ძალიან მიყვარს ჩემი მსმენელი, მაყურებელი, რომელსაც ჩემი შემოქმედება ასე უყვარს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

თქვენი ქალიშვილი, ანი ბახტაძე მომღერალია. მის მიმართ კრიტიკული თუ ხართ?

ზომიერად… შეიძლება ისეთი სიმღერა შეარჩიოს, რომელიც მე დიდად არ მომწონს, მაგრამ უნდა იმღეროს, რატომაც არა? ახალგაზრდების ის მომწონს, რომ დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ რომ გვგონია, რომ ყოველთვის მართლები ვართ შვილებთან, ასე არ არის. ზოგჯერ ისეთი მიმდინარეობის მუსიკა გამოუგზავნია ჩემთვის, რაც სიახლე ყოფილა და საინტერესო გამხდარა ჩემთვის. დღეს მსოფლიოში სულ სხვა მუსიკაა აქტუალური. ამას ვერაფერი შეაჩერებს… ვერანაირი აკრძალვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სტილსა და ჟანრს შევიცვლი და სხვა რამეს დავწერ, მაგრამ ახლის მოსმენაც და შესრულებაც საინტერესოა…

ყველაზე მეტად თქვენს შემოქმედებასთან დაკავშირებით რას ნანობთ?

რამდენჯერმე დაწერილ სიმღერას, რომელსაც ის გაგრძელება არ ჰქონია, რასაც ველოდი…

ბათუმში 29 მარტს, იმართება თქვენი შემოქმედებითი საღამო. რა მოხდება ამ კონცერტზე?

ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი – სწორედ მისი ეგიდით იმართება 29 მარტს ჩემი საავტორო მუსიკის საღამო ბათუმში. ბილეთები ძალიან სწრაფად გაიყიდა, რამაც ძალიან გამახარა. ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის. თბილისის კონცერტისგან ცოტა განსხვავებული რეპერტუარი იქნება. დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად ის მომღერლები მონაწილეობენ, რომლებთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს. ამ საღამოზე ორი პრემიერა შედგება – ბათუმზე სიმღერას სოფო ხალვაში, აჩიკო ბერიძე და ანსამბლი „ალილო“ შეასრულებენ, მეორე კი აჩიკოს დავუწერე სოლოსიმღერად, რომელიც მის სტილშია… ველოდებით მსმენელის შეფასებებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g