„სუხიშვილების“ ახალი თაობის მოცეკვავე და მომღერალი კატო ლეკვეიშვილი ამჟამად „რუსთავი 2“-ის პროექტის „ქართული“ მონაწილეა თავის მეგობრებთან ერთად. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი „გოგონების ტრიოს“ ფარგლებში ის უკვე ნახევარფინალშია და ახლა აქტიურად ემზადება მორიგი ტურისთვის. ქართული სიმღერის სიყვარული ოჯახიდან მოდის, მისი უფროსი და, ელენე ასევე მომღერალი გახლავთ…

კატო ლეკვეიშვილი:
ცეკვა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, მეორე კლასში რომ ვიყავი, შემიყვანეს სუხიშვილების აკადემიაში. პირველივე დღიდან ძალიან შემიყვარდა… დღემდე ვაგრძელებ ვარჯიშს აქტიურად. ჩემი პირველი პედაგოგი იყო თეონა ენუქიძე. ისე განვითარდა მოვლენები, რომ ბევრ პედაგოგთან მომიწია მუშაობამ. ჩემი ახლანდელი ხელმძღვანელი არის საოცარი ნინო ნიკოლაიშვილი. მასთან ერთად, ისეთმა პედაგოგებმა მავარჯიშეს, რომლებიც წამყვანი სოლისტები არიან. შეიძლება ითქვას, რომ როგორც მოცეკვავეები, მათ გამოგვძერწეს ახალი თაობა და დღეს სწორედ ასე მოვიაზრებით, არის დიდი დასი და ჩვენ – მათი შემდეგი თაობა.
ძალიან საინტერესოა თავად მუშაობის პროცესი. იმდენად დიდ ძალისხმევას დებენ. თითოეულ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. ვინაიდან ახალი თაობის სახელი გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებელია, ისე გადმოვცეთ ყველაფერი, როგორც ამას დიდი დასი აკეთებს. ეს უფრო მეტად, დიდი მოტივაციაა… პატარა ასაკიდანვე შევეჭიდეთ ამ საქმეს. დღეს ისე ვართ გაწვრთნილები, რომ ვიცით, სულ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ახლა ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ და კონცერტებისთვის ვემზადებით, შესაბამისად, უფრო დატვირთული დღის გრაფიკია.
ილიკოსთან გაქვთ შეხება ახალ თაობას?
ეს არის ძალიან ემოციური ფაქტორი ჩვენთვის. ყოველთვის, როდესაც გვაქვს წინასაკონცერტო პერიოდი, შემოდის და გვამოწმებს. ილიკო თავის სიტყვაში გვარიგებს, დიდი მნიშვნელობის მატარებელია მისი მომართვა. როცა ვიცით, რომ უნდა შემოვიდეს და შეგვამოწმოს, ათასმაგად ვემზადებით. შეიძლება, ერთი ისეთი სიტყვა გითხრას, რომ განაპირობებდეს შენს გზას ცეკვასთან მიმართებით.

რომელია შენი საყვარელი ცეკვა?
რთული კითხვაა, მაგრამ ალბათ, ცეკვა ქართული.
ცეკვა ქართული და სიმღერა – ქართული. მუსიკალური ოჯახიდან ხარ…
ოჯახმა, ალბათ, როგორც ყველას შემთხვევაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი გზის არჩევაში. ოჯახური მუსიკალური ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ სიმღერა პატარა ასაკიდან დავიწყე. საქართველოში, საბედნიეროდ, ყველა მღერის, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მახასიათებელია და ძალიან საამაყოა. ჩემს ოჯახშიც სიმღერა პირველი იყო და მე და ჩემი და სულ მცირე ასაკიდან ვმღერით. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. ჩვენთვის სიმღერა არ იყო არც გაკვეთილი, არც მოვალეობა, არ არსებობდა დღე, რომ არ წაგვეღიღინა დედასთან, ოჯახთან ერთად. მერე დედამ შეგვიყვანა დები ჭოხონელიძეების სტუდიაში. იქაც ისეთი სითბო დაგვხვდა, რომელიც ქართულ სიმღერას უკავშირდება…

18 წლის ხარ და როგორ ფიქრობ, თქვენს თაობას რატომ უყვარს ასე ძალიან ქართული სიმღერა?
ამას წინათ დედასთან ერთად ვსაუბრობდი ამ თემაზე. ვფიქრობ, ძალიან გვაქვს ჩამჯდარი, გენეტიკურ დონეზე, ქართული სიმღერა. ქართულ ნაწარმოებებში ძალიან დიდი სიღრმეა, რაც ახლოს არის ჩვენს ხასიათთან. ქართველ ერს აქვს ნიჭი, რომ სხვა ენაზეც არაჩვეულებრივად იმღეროს და სხვა ჟანრშიც, მაინც, ქართულ ნაწარმოებებთან ჩვენი ხასიათი და შინაგანი სამყარო ყველაზე ახლოსაა… იყო პერიოდი, როცა ახალ თაობას არ ჰქონდა ასეთი ინტერესი ქართული სიმღერის მიმართ. ბოლო წლებში ეს ინტერესი უფრო გაიზარდა და სოციალურ ქსელებში ძალიან გამოჩნდა…
მონაწილეობ პროექტში „ქართული“ მეგობრებთან ერთად…
ალბათ, ზუსტად ასეთმა პროექტებმა განაპირობა ის, რომ ჩვენს თაობას აქვს ინტერესი ქართული სიმღერის მიმართ. ეს პროექტი ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, რადგან არ ჰგავდა სხვა პროექტებს. მეგობრებთან ერთად სიმღერა დიდი ფუფუნებაა და არ მგონია, ბევრი პროექტი გაძლევდეს ამის შესაძლებლობას, რომ გუნდურობის შეგრძნება სატელევიზიო სივრცეშიც გადმოიტანო. ძალიან თბილი გარემოა… პროექტების დიდი შიში მქონდა. რატომღაც სულ მეგონა, ვერასდროს მოვახერხებდი, რომ ვინმესთვის კონკურენცია გამეწია ქართული სიმღერის შესრულებაში, მაგრამ როცა „ქართულში“ მოვედი, მივხვდი, რომ კონკურენცია არაფერ კავშირში არ იყო – როცა ასეთი იდეაა, რომ ჯგუფები გამოდიან, ვიტყოდი, რომ აქ მთავარი წინადადებაა – ქართულ სიმღერას ვერ იმღერებ, თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს…
პროექტმა რა მოგიტანა? რა კომპლიმენტებს გეუბნებიან ტრიოსთან დაკავშირებით?
ყველაზე მეტად მიხარია ახალი ადამიანების გაცნობა… ვმუშაობთ ძალიან კარგ გარემოში, კარგ მუსიკოსებთან. ალბათ, ეს პერიოდი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სულ ჩემს დასტან ერთად ვმღეროდი, როცა ელენე წავიდა სასწავლებლად, ჩემთვის ძალიან დიდი ემოციური დანაკლისი იყო… ამ პროექტმა დიდი ბიძგი მომცა, რადგან ჩემს გოგონებთან ერთად სულ ვღიღინებდი, მაგრამ ეს სულ სხვა გამოცდილებაა… ჟიურის წევრების თითო სიტყვა ზეპირად მახსოვს, ძალიან მერიდება მათი კომპლიმენტების გამეორება. ეს სიტყვები სულ გამყვება ნებისმიერი სიმღერის შესრულებისას.

ცეკვა თუ სიმღერა? – როგორ ფიქრობ, საბოლოოდ, რა არჩევანს გააკეთებ?
ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ორივე იყოს და ალბათ, იქნება კიდეც, რადგან არ წარმომიდგენია არც ერთი დღე ცეკვისა და სიმღერის გარეშე. მავსებს… ჩემს პიროვნებას ავსებს. თუ შეიძლება, კატო რაიმესთან ერთად წარმომედგინოს, ეს ცეკვა და სიმღერა იქნება აუცილებლად…
ის, ვინც შენს გულს მოიგებს, ასევე უნდა მღეროდეს და ცეკვავდეს?
(იღიმის) ცხადია, აუცილებელი არ არის… მთავარია კარგი ადამიანობა. სხვათა შორის, ძალიან გამიმართლა გარემოცვაში, ძალიან მაგარი ადამიანები მიდგანან გვერდით, მეგობრები… მათ გარეშე არავინ ვიქნებოდი…
