მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი, რომელიც უკვე 47 წელია, „იესოს დატირებას“ გალობს, ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში, ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.
ნაირა ნაჩხატაშვილი ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შესახებ საუბრობს და იხსენებს, როგორ შეიქმნა საგალობელი „იესოს დატირება“.
„ახლა, წითელ პარასკევს დატირებას რომ ვიგალობებ, 47 წელი გახდება…
ჩემმა პედაგოგმა, დირიჟორმა ლეილა აბაშიძემ მოისმინა, რომ ერთ-ერთ ქადაგებაზე პატრიარქს უთქვამს, მინდა ყოველდღიური წირვა-ლოცვა ჩატარდეს და მგალობლებიც გვყავდესო. მუსიკალურ სასწავლებელში რომ მივედი, ქალბატონმა ლეილამ მითხრა, „მრავალჟამიერი“ უნდა მოგასმენინო და რას იტყვიო. რომ მოვუსმინე, ვუთხარი, ეს სიმღერა ტაძარს მოუხდება და იქ იმღერონ-მეთქი. მერე შემომთავაზა, ტაძარში თუ იგალობებდიო. სიხარულით დავთანხმდი. ერთი-ორი ნაწარმოები გავაკეთეთ და საპატრიარქოში წავედით. პატრიარქს მოვასმენინეთ და მგალობლად შეგვრაცხა.
იმ მისიით, რომ ხალხი ეკლესიისკენ შემობრუნებულიყო, პატრიარქმა მითხრა, მინდა, დავით გურამიშვილის ლექსზე საგალობელი შეიქმნასო. რატომღაც მე დამიბარა და მითხრა, მინდა, შენ იმღეროო.
კომპოზიტორებმა არაერთი არია დაწერეს და პატრიარქს მოასმენინეს. უწმინდესმა მკითხა, რას იტყვიო. ზოგიერთი არია არ მომეწონა, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი. პატრიარქს ვუთხარი, ეს ხომ ძვირფასი ტექსტია, დედის დატირებაა და მოდით, უბრალოდ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე გავაკეთოთ-მეთქი. პატრიარქი დაინტერესდა და მკითხა, აბა როგორო და იქვე დავიწყე გალობა. პატრიარქს ძალიან მოეწონა და მას შემდეგ ვგალობ. ამ წლების განმავლობაში საგალობელზე ბევრჯერ გამიკეთებია ინტერპრეტაციები და ყოველთვის კარგი გამოდის…
ერთხელ საქართველოში ჩამობრძანდა მსოფლიო პატრიარქი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი გალობა. მერე დალოცვაზე რომ მიდგა ჯერი, ჩვენმა პატრიარქმა დამიძახა, ნაირა, მოდიო. ამბიონზე ამიყვანეს და შუაში დამაყენეს. აქეთ მსოფლიო პატრიარქი მედგა, იქით – ჩვენი პატრიარქი და ორივე მლოცავდა, ორივე მაქებდა. ჩვენი უწმინდესი სულ მჩუქნიდა ჯვრებს, ხატებს, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი მისი ლოცვა-კურთხევა იყო“, – აღნიშნავს ნაირა ნაჩხატაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
