სამწვადის ტიპის ქართული სწრაფი კვების რესტორანი „ცეცხლი აინთო“ დაფუძნებიდან მესამე წელს მესამე ფილიალით ხვდება.
„ცეცხლი აინთოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ჩაფურიშვილი კომპანიის სიახლეების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საუბრობს:
– ბოლო დროის ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საწარმოს გახსნა მიგვაჩნია, სადაც ცენტრალიზებულად ხდება ხორცის დამუშავება, გამზადება და შემდეგ ჩვენს ფილიალებში დისტრიბუცია. საწარმომ საშუალება მოგვცა, გაგვეუმჯობესებინა ხარისხი და ერთნაირი სტანდარტი შეგვენარჩუნებინა ყველა ობიექტზე.
რაც შეეხება ახალ ობიექტს, ის გაიხსნება კვირას, 26 აპრილს, ვარკეთილში, პეტრე ხვედელიძის ქუჩის #10-ში. აღსანიშნავია, რომ ეს არის სრულიად ახალი ბაზარი ჩვენთვის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს აქამდე ვერც ფიზიკური ლოკაციით და ვერც მიტანის სერვისით ვერ ვფარავდით, შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის ახალი გამოწვევა, ახალი ბაზა ჩვენი მომხმარებლების. დიდი იმედი გვაქვს, რომ ვარკეთილის ფილიალიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ვაკისა (აბაშიძის ქუჩა #10) და საბურთალოს (ტაშკენტის ქუჩა #10).

ახალ ობიექტზეც ჩვენი ტრადიციული მენიუთი ვიქნებით წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი კერძები მხოლოდ მაყალზე მზადდება. შესაძლოა, გვქონდეს პატარ-პატარა სიახლეები, თუმცა მენიუში დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავთ.
ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლოსთვის თბილისში 5 ობიექტით ვიყოთ წარმოდგენილები. ფაქტობრივად, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, წლის ბოლოს 5 ფილიალი და ცენტრალიზებული საწარმო თბილისისთვის საკმაოდ ძლიერი პოზიცია იქნება და ეს მოგვცემს საშუალებას, 2027 წელს დედაქალაქს გავცდეთ. სავარაუდოდ, მეექვსე ობიექტს ბათუმში გავხსნით.
