Ford-მა განაცხადა, რომ ნიურბურგრინგის ლეგენდარულ ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. სპეციალურმა ვერსიამ – Ford Mustang GTD Competition რომელსაც პილოტი დირკ მიულერი მართავდა, სრული წრე 6 წუთსა და 40.835 წამში დაფარა.
ამ შედეგით Mustang-მა კიდევ ერთხელ გაასწრო Chevrolet-ის მოდელს და გახდა ნორდშლაიფეს ყველაზე სწრაფი ამერიკული ავტომობილი, თუმცა ფორმალურად, რადგან GTD Competition ჯერ სერიულ წარმოებაში არ არის.
მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა Chevrolet Corvette ZR1X-ს, რომელმაც ტრასა 6 წუთსა და 49.275 წამში გაიარა. ახალმა Mustang-მა ეს შედეგი დაახლოებით 8.5 წამით გააუმჯობესა.
კომპანია ტექნიკურ დეტალებს ჯერ სრულად არ ამხელს, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილს გაუზარდეს 5.2 ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე (სტანდარტულ GTD-ში დაახლოებით 820 ცხენის ძალაა), გადაამუშავეს აეროდინამიკა დამატებითი ძალის მისაღებად და გამოიყენეს ახალი საბურავები.
ასევე ავტომობილი მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს, მას აქვს მაგნიუმის დისკები, კარბონის ჩარჩოზე აგებული სავარძლები და განახლებული საკიდარი.
Ford გეგმავს Mustang GTD Competition-ის შეზღუდული სერიის გამოშვებას, თუმცა რეკორდის დამყარებისას გამოყენებული ეგზემპლარი ამ ეტაპზე კვლავ პროტოტიპის სტატუსით გამოვიდა ტრასაზე.