დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს.
გთავაზობთ მოკლე ამოარიდს ინტერვიუდან:
„ცხოვრებამ პირველი ტკივილი მაშინ მომაყენა, როცა ჩემი საყვარელი, ჩემი და ჩემი შვილის გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. 23 წლის ვიყავი და მისი გარდაცვალება ძალიან მეტკინა. შემდეგ, 32 წლის ვიყავი, როცა 31 წლის ძმა, დათო, გარდამეცვალა, იარაღი გაუვარდა. მაშინ საქართველოში არ ვიყავი, ამერიკაში ვცხოვრობდი და ჩემი ძმა გარდაცვლილი არ მინახავს. მისი გარდაცვალება დასაფლავების დღემდე დამიმალეს. ახალი წასული ვიყავი, 90-იანი წლები იყო, დარეკვაც ჭირდა, მობილურები არ არსებობდა, საბუთები ჯერ არ მქონდა წესრიგში და მამამ იფიქრა, გამოვიქცეოდი, გავაფუჭებდი ყველაფერს და ამიტომ დამიმალეს. რადგან დათო გარდაცვლილი არ მინახავს, ზღაპარივით აღვიქვამ, როგორც იყო და არა იყო რა, თითქოს სადღაც არის წასული და ამიტომ ვერ ვხედავ. ჩემი დის, დიანას 43 წლის ასაკში გარდაცვალება კი ასმაგად გაუსაძლისი ტკივილი იყო. წინა საღამოს ველაპარაკე, ყველაფერი კარგად იყო და დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. დამიმალეს მისი გარდაცვალებაც, მითხრეს, ცუდად არისო, სასწრაფოდ მივედი და გარდაცვლილი დამხვდა. ისეთი შოკი მივიღე, ადამიანს წარმოდგენა გაუჭირდება. ყველაზე მწარეა დედმამიშვილის გარდაცვალება, ისეთი სიმწარეა, თითქოს სხეულის ნაწილი ამომგლიჯეს და გადააგდეს. ჩემმა და-ძმამ, დათომ და დიანამ, მარტო დამტოვეს და ჩემს მშობლებზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დიდხანს ეცოცხლათ და ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, მათთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. მამა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედა კი – 85 წლის. დედა ყველაზე მთავარი ადამიანი იყო ჩემთვის და მისი გარდაცვალებით კიდევ უფრო გავიზარდე, ძალიან მიჭირს მის გარეშე.“- ამბობს დალი ჩიტალაძე.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „თბილისელები“.
დალი ჩიტალაძე: „45 წლის შვილი რომ მყავს, ჩემი ასაკი როგორ შეიძლება დავმალო…“
