Mecum-ის აუქციონზე გამოტანილი 2010 წლის Lamborghini Murcielago LP 670-4 SuperVeloce, რომელიც თითქმის უხმარ მდგომარეობაშია, 2,3 მილიონ დოლარამდე შეფასდა, თუმცა მფლობელმა გაყიდვაზე უარი თქვა – მისი მოლოდინი ბევრად მაღალი იყო.
სუპერქარის სავარაუდო ღირებულება 3,7-4 მილიონ დოლარს შორის განისაზღვრებოდა, რაც მოდელის თავდაპირველ ფასს თითქმის ათჯერ აღემატება.
ეს ვერსია Murcielago-ს ხაზის ბოლო და ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია იყო, რომელიც Lamborghini Aventador-ის გამოჩენამდე იწარმოებოდა. თავდაპირველად კომპანია 350 SuperVeloce-ის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა სხვადასხვა მონაცემით საბოლოოდ მხოლოდ 275 ან შესაძლოა სულ 186 ეგზემპლარი დამზადდა.

ავტომობილი აღჭურვილია 6,5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას აქვს სრულამძრავიანი სისტემა და რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი.
სტანდარტულ Murcielago-სთან შედარებით, SuperVeloce 100 კილოგრამით მსუბუქია, გამოირჩევა აგრესიული აეროდინამიკური დიზაინით, კარბონის დეტალებითა და კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით.

კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას ავტომობილის მდგომარეობაც წარმოადგენს – 16 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 693 მილი, ანუ დაახლოებით 1115 კილომეტრი გაიარა.

ეს იგივე ეგზემპლარია, რომელიც 2022 წელსაც იყიდებოდა. მაშინ მაქსიმალურმა შეთავაზებამ 1 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა მფლობელმა იმ დროსაც უარი თქვა გარიგებაზე.