პორტუგალიაში შეადგინეს პეტიცია, რომლის ავტორებიც ითხოვენ, რომ 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს ავტომობილის მართვა აეკრძალოთ.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს თანდათან უქვეითდებათ ფიზიკური და კოგნიტიური შესაძლებლობები – ნელდება რეაქცია, უარესდება მხედველობა და ყურადღების კონცენტრაცია, რაც გზებზე საფრთხეს ზრდის.
ამჟამად პორტუგალიაში უკვე მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულ მძღოლებს სამედიცინო შემოწმების გავლა უფრო ხშირად უწევთ, ვიდრე სხვა მძღოლებს. თუმცა პეტიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ზომები საკმარისი არ არის და ავარიების სტატისტიკა ამას ადასტურებს.

ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მათი თქმით, 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის ბევრს სრულად შენარჩუნებული აქვს როგორც რეაქცია, ისე კოგნიტიური შესაძლებლობები, ამიტომ თითოეული მძღოლის შეფასება ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს.