LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა „TEMU“ აკრძალული პროდუქციის გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

109
TEMU

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას „TEMU“ 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა ისეთი აკრძალული პროდუქტების გაყიდვის გამო, როგორიცაა სახიფათო საბავშვო სათამაშოები და დეფექტის მქონე დამტენები.

ევროკომისიის განმარტებით, კომპანიამ „ვერ უზრუნველყო აღნიშნული პროდუქტების სისტემური რისკებისა და მომხმარებლებისთვის მათ მიერ მიყენებული შესაძლო ზიანის სათანადოდ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება“.

„TEMU“ არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, დაკისრებულ ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და ამჟამად მის ხელთ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს განიხილავს.

„TEMU“-ს მიმართ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან დაიწყო იმის დასადგენად, ასრულებს თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომლებიც მას, როგორც ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმას ეკისრება.

გამოძიება მოიცავდა „იდუმალი შეძენის“ (mystery shopping) მეთოდით განხორციელებულ ექსპერიმენტს, რომელიც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ჩაატარა. Euronews-ის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ „TEMU“-ს მეშვეობით შეძენილი დამტენების დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა ელექტროუსაფრთხოების საბაზისო ტესტები. გარდა ამისა, დადგინდა, რომ საბავშვო სათამაშოების დიდი ნაწილი არ იყო უსაფრთხო, ვინაიდან ისინი შეიცავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს კანონით დაშვებულ ზღვარზე მაღალი დოზით ან შედგებოდნენ პატარა, მოსახსნელი დეტალებისგან, რომლებიც ბავშვის გაგუდვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ჯარიმის გადახდის გარდა, „TEMU“ ვალდებულია 28 აგვისტომდე წარადგინოს სამოქმედო გეგმა გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამის შემდეგ ევროკომისიას აქვს ორთვიანი ვადა იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა კომპანიის მიერ გატარებული ზომები საკმარისი მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g