Sotheby’s-ის ივლისის აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და სრულად შემონახული ტირანოზავრ რექსის ჩონჩხი გაიყიდება. 67 მილიონი წლის ლოტის ღირებულება 20-დან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
დაახლოებით 12 მეტრიანი ჩონჩხი დღემდე აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სრულ ეგზემპლარად ითვლება – მას ძვლების დაახლოებით 82% აქვს შენარჩუნებული, მათ შორის თავის ქალა და ექვსი კბილი. აუქციონი 14 ივლისს გაიმართება.
ექსპერტების თქმით, ტირანოზავრი სახელად „გასი“ მეცნიერებისთვისაც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ჩონჩხზე კარგად ჩანს როგორც ბრძოლის კვალი, ისე სიცოცხლის განმავლობაში მიღებული ტრავმები. თავის ქალასა და ერთ-ერთ კბილზე აღმოჩენილია სხვა ტირანოზავრის ნაკბენის ნიშნები, ხოლო რამდენიმე ნეკნზე – შეხორცებული მოტეხილობები.

ნამარხს სახელი რანჩოს მფლობელის, გას ლიკის პატივსაცემად დაარქვეს, სწორედ მის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ჩონჩხი. გათხრები 2021-დან 2023 წლამდე მიმდინარეობდა.

ბოლო წლებში დინოზავრების ნამარხებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მსგავსი იშვიათი ექსპონატები ხშირად არა მხოლოდ მუზეუმების, არამედ კერძო კოლექციონერების ინტერესის საგანიც ხდება. მაგალითად, 2020 წელს კიდევ ერთი ცნობილი ჩონჩხი „სტენი“ რეკორდულ 31,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.