სლოვენიის უძველესი ქალაქი პტუი 2026 წლის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. აღნიშნული ტიტული მას ევროპულმა ტურისტულმა პლატფორმამ European Best Destinations-მა მიანიჭა, რომელიც ყოველწლიურად ევროპაში გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებებს ავლენს.
პტუიმ რეიტინგში ისეთი ცნობილი ისტორიული ქალაქები ჩამოიტოვა, როგორებიცაა ბელგიის ბრიუგე, ხორვატიის დუბროვნიკი, იტალიის ფლორენცია და სან-ჯიმინიანო, ესპანეთის ტოლედო, საფრანგეთის ალბი, ჩეხეთის ჩესკი-კრუმლოვი და პოლონეთის ზამოსცი.
რეიტინგის შედგენისას შეფასდა ისტორიული მემკვიდრეობის დაცულობა, კულტურული მრავალფეროვნება, მუზეუმებისა და ფესტივალების განვითარება, მდგრადი ტურიზმი, ადგილობრივი გასტრონომია, ბუნებასთან სიახლოვე და მასობრივი ტურიზმისგან შედარებითი თავისუფლება. ფინალური შედეგები კი სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურების ხმების საფუძველზე განისაზღვრა.
პტუის ისტორია რომის იმპერიის ეპოქამდე მიდის. დღევანდელი ქალაქის ადგილას მდებარეობდა პეტოვიო – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომაული ცენტრი ამ რეგიონში. ქალაქში დღემდეა შემორჩენილი არქეოლოგიური ძეგლები, მუზეუმები და ისტორიული მარშრუტები, რომლებიც მის მრავალსაუკუნოვან წარსულს აცოცხლებს.

პტუი ასევე ცნობილია ტრადიციული კარნავალითა და რიტუალებით. ცხვრის ტყავით, რქებითა და ზარებით შემოსილი პერსონაჟები, ადგილობრივი რწმენის მიხედვით, ზამთარს აცილებენ და გაზაფხულს ეგებებიან. ეს ტრადიცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც არის შეტანილი.
ბოლო წლებში პტუი სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, რადგან ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად სტუმრებს მშვიდ გარემოს, ავთენტურ ატმოსფეროსა და მდიდარ კულტურულ პროგრამას სთავაზობს.