გუო ვენგუის, რომელიც ერთ დროს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად მიიჩნეოდა, აშშ-ის სასამართლომ თაღლითური სქემის შემუშავებისთვის 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, 2018-2023 წლებში გუომ საინვესტიციო და კრიპტოვალუტის სქემებში ჩართული ონლაინ მიმდევრებისგან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.
გუოს, რომელიც რამდენიმე ფსევდონიმითაა ცნობილი (მათ შორის „მაილს გუო“ და „ჰო ვან კვოკი“), განაჩენი მხარდამჭერებით სავსე დარბაზში გამოუცხადეს.
უძრავი ქონების სფეროს ყოფილმა მაგნატმა ჩინეთი 2017 წელს დატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი, სადაც კომუნისტური პარტიის კრიტიკოსის ამპლუა მოირგო და ონლაინ სივრცეში ერთგული მიმდევრების ფართო წრე შემოიკრიბა. მაგრამ მოგვიანებით მას რეკეტის, თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.
ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლის ანალიზა ტორესის თქმით, გუომ ისარგებლა იმ ადამიანების ნდობით, რომლებიც ჩინეთში დემოკრატიის დამყარებას ესწრაფოდნენ და მათი ფინანსები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა.
„დღევანდელი განაჩენი ცხადყოფს, რომ პოპულარობა და სიმდიდრე არავის აყენებს კანონზე მაღლა და რომ თაღლითები, რომლებიც სხვების ხარჯზე მდიდრდებიან, კანონის წინაშე მკაცრად აგებენ პასუხს“, – განაცხადა აშშ-ის პროკურორმა შონ ბაკლიმ.
