ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ საქმიანი რეპუტაციის დაცვის საქმეზე რამდენიმე სასამართლო დავა ერთდროულად მოიგო. კომპანიის იურიდიულმა დეპარტამენტმა შედეგები სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოაქვეყნა.
სასამართლო პროცესების განმავლობაში BYD-ს იურისტებმა დაამტკიცეს, რომ რამდენიმე ცნობილი ჩინელი ავტო ბლოგერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ცრუ განცხადებები შეეხებოდა ავტომობილების ტექნიკურ მახასიათებლებს, გაყიდვების მოცულობას, ფინანსურ ანგარიშგებასა და წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარისხს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა მოპასუხე ვალდებულია საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია და კომპანიას მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.
ყველაზე მაღალი ჯარიმა ავტოარხს Tiger Wolf Talks Cars-ს დაეკისრა – 210 000 იუანი. არხები – Zhengren Talks Cars და Solid-State Battery is Here, თითოეულს 100 000 იუანის გადახდა დაევალა. სასამართლომ დაადგინა, რომ მათ შეურაცხმყოფელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს.

კიდევ რამდენიმე ბლოგერს 55 000-დან 85 000 იუანამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა მას შემდეგ, რაც ისინი BYD-ს დაბალი ხარისხის მასალების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. კომპანიამ საკუთარი პოზიცია დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით გაამყარა.
BYD აცხადებს, რომ ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. კომპანიამ ასევე დააანონსა, რომ იმ პირებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების გამოვლენაში მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მიაწვდიან, 50 000-დან 5 მილიონ იუანამდე ფულად ჯილდოს გადასცემს.
ეს BYD-ისთვის პირველი მსგავსი გამარჯვება არ არის. მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ კიდევ ერთი ცილისწამების საქმე მოიგო, რომლის ფარგლებშიც ბლოგერს 2 მილიონ იუანზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მაისში კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.