LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ უნდა აღვზარდოთ კულტურული ადამიანი, რომელსაც შეუძლია გასწიოს კონკურენცია“ – 11 ივლისი „გია მურღულიას უნივერსალურ სკოლაში“ ღია კარის დღეა

1569
გია მურღულია

საქართველოში კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო სივრცე ჩნდება. თუმცა, მისი შემქმნელების თქმით, ეს არ არის მხოლოდ ახალი სკოლა. ეს არის მცდელობა, შეიქმნას გარემო, სადაც განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება და თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების, ღირებულებებისა და ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებას. „გია მურღულიას უნივერსალური სკოლა“ სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. სკოლის შემქმნელები სკოლის კონცეფციას საზოგადოებას 11 ივლისს, ღია კარის დღეზე წარუდგენენ.

გია მურღულია, „გია მურღულიას უნივერსალური სკოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

– სკოლა რომ ამოქმედდეს, სკოლამ რომ სიცოცხლე დაიწყოს, იმდენი რამ არის გასაკეთებელი, ამაზე თავიდანვე კარგად რომ დაფიქრდეს ადამიანი, შეიძლება ხელი ჩაიქნიოს და არაფერიც არ გააკეთოს. აი, მაგალითად, შენობა ხომ არის საჭირო? ეს შენობა სკოლას უნდა იყოს მორგებული (ჩვენს შემთხვევაში ის თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც სკოლა და ასე დაპროექტდა და აშენდა კიდეც). მაგრამ მარტო კედლები არ არის საკმარისი, არც კომპიუტერები, ლაბორატორიები, დარბაზები, ბიბლიოთეკები, მედიათეკები და სხვა, იმიტომ, რომ სკოლას თუ თავისი სული არ აქვს, ისე კედლები და ტექნოლოგიები არაფერს არ წყვეტს. ამ სულს ქმნის კონცეფცია – რა მიზნით ქმნი სკოლას.

ზოგჯერ ამბობენ, რომ მიზანი არის ცოდნის მიღება. ასეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მესამედი საქმის. როგორ ასწავლიან თქვენს სკოლაში საგნებს (და კარგად უნდა ასწავლონ, რა თქმა უნდა), ეს არის მხოლოდ ნაწილი თქვენი საქმიანობის და თქვენი მიზნების. მეორე ნაწილი ბავშვებისთვის იმ უნარების ჩამოყალიბებაა, რომელთა გარეშე ვერანაირი წარმატება ვერ მოვა ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც ძალიან განათლებულები არიან, მაგრამ ხელმოცარულები, ვერაფერს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ, რომ არ უნდა უგულებელვყოთ, მაგალითად, ნებისყოფა, შრომის კულტურა, ალგორითმის გააზრების უნარი – მიზანთან რომ მიდიხარ, რამდენიმე ნაბიჯი რომ არის გადასადგმელი, ხომ უნდა გაიაზრო რა ნაბიჯებია ესენი, რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა. ანუ მე ვლაპარაკობ რაციონალურ ცხოვრებაზე.

ადამიანს სულ ეოცნებებოდა გონიერი გული. ამაზე ლაპარაკი რომ დაიწყო სოლომონ ბრძენმა, მერე გააგრძელა ჩვენმა რუსთველმა და კიდევ ათასმა კაცმა. რაციონალური ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, სხვანაირად უბრალოდ კონკურენტუნარიან ადამიანს ვერ აღზრდი, ვერ გაზრდი. და ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენი შვილები არა მარტო გონიერნი, განათლებულნი, ნაკითხნი იყვნენ, არამედ ძლიერებიც სულიერად, ფსიქიკურად მდგრადობა გამოამჟღავნონ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში. ცხოვრება ხომ მარტო გამარჯვებები არ არის, ხანდახან ვმარცხდებით კიდეც ყველანი და როგორ შეხვდე ამ მარცხს ღირსეულად, როგორ აქციო ის ახალ გამოწვევად და მით უმეტეს, ახალ შესაძლებლობად. სწორედ ეს არის მეცნიერება, ხელოვნება და მეთოდოლოგია, ამაზე უნდა იფიქროს სკოლამ.

ამ უნარების გარდა, რასაკვირველია, არსებობს ღირებულებათა სისტემა. მე არ მწამს ისეთი სკოლის, რომლის მოსწავლეებმაც კარგად იციან ფიზიკა და ისტორია და ცუდი ადამიანები არიან. სკოლის მიზანი ყოველთვის უნდა იყოს კეთილშობილი, ღირსეული ადამიანის ჩამოყალიბება. ეს მიზანი მიღწეული რომ იყოს, თქვენ უნდა ელაპარაკოთ ბავშვებს სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სხვისი სიხარულით გახარებაზე, პასუხისმგებლობაზე სხვა ადამიანის მიმართ, თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ არც მარტო ლაპარაკი შველის საქმეს. მე, მაგალითად, ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რა არის ღირსება, რა არის სიყვარული, რა არის დემოკრატია და სხვა, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მე ასე მოვიქცევი ცხოვრებაში? სრულებითაც არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ცოდნა არ უდრის ქცევას. როგორ აქციოთ თქვენ ცოდნა ქცევად, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი სასკოლო ამოცანა.

ამ მიზნების განხორციელება, ცხადია, დაკავშირებულია მასწავლებელთან, მის გარეშე არაფერი არ გამოვა. ყველაფერი მკვდარია სკოლაში, თუ მასწავლებელი არ არის ცოცხალი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავწვალდით, რომ კარგი მასწავლებლების გუნდი შეგვექმნა, რამდენ რამეს ვუყურებდით – ვაფასებდით, რასაკვირველია, კანდიდატის ცოდნას, მის მეტყველებას (ჩვენი სკოლის სახე ვერ იქნება ის, ვინც ცუდად მეტყველებს), მის ქცევას, მის ჟესტიკულაციას, მის პრინციპებს. ეს ძალიან რთული ამოცანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან კმაყოფილები ვართ და მასწავლებელთა მართლაც კარგი გუნდი შევქმენით, რა თქმა უნდა, 100 პროცენტით გარანტია არ გვაქვს, რომ ყველა ეს მასწავლებელი გაამართლებს. მე მქონია ასეთი შემთხვევები (სკოლის დირექტორიც ვყოფილვარ, ინსტიტუტის ხელმძღვანელიც და სხვა) და ზუსტად ვიცი, რომ ხანდახან ჩვენი მოლოდინები არ მართლდება. ამიტომ მზად უნდა იყო, რომ პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღო, იმიტომ, რომ სკოლაში მთავარი არის ბავშვი და მისი ინტერესი, ბავშვების ხარჯზე ჩვენ არ შეიძლება არც ლმობიერები ვიყოთ (თუმცა ლმობიერება თავისთავად კარგი თვისებაა) და არც დამთმობები, იმიტომ, რომ ის არის არსებითი მიზანი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თუ შენ პრეტენზია გაქვს, და ეს პრეტენზია ჩვენ ნამდვილად გვაქვს, რომ შექმნა განათლების ისეთი კერა, რომელშიც ქართული ხარისხი იქნება მიღწეული, და ეს ქართული ხარისხი არც თვითირონიას ნიშნავს და არც სხვა არაფერს, ამას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სკოლაში ბავშვებმა მიიღონ საუკეთესო, მსოფლიო ანალოგების შესატყვისი ხარისხის განათლება.

ჩვენს სკოლაში მიღებას გამოვაცხადებთ ყველა კლასში – პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, 20 ივლისის შემდეგ და სასწავლო პროცესს დავიწყებთ 14 სექტემბერს, ისევე, როგორც ყველა სხვა სკოლა, რომლებსაც წარმატებას ვუსურვებთ, არავის არ ვეჯიბრებით, ჩვენ საკუთარი თავის გარდა.

აქვე მოგახსენებთ, რომ 11 ივლისს, 12:00 საათზე, ჩვენს სკოლაში გაიმართება მორიგი ღია კარის დღე. სკოლა მდებარეობს ლისზე, ლეო კვაჭაძის #13-ში. ველოდებით დაინტერესებულ ადამიანებს. შევეცდებით მათ დავანახოთ, რომ ჩვენი მთავარი ღირსება აღზრდის სპეციალური, უნიკალური სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია როგორც მსოფლიო პედაგოგიკურ და საგანმანათლებლო გამოცდილებაზე, ისე ჩემს პირად გამოცდილებაზე, რომელიც 45 წელზე მეტს მოიცავს. ეს არის საავტორო სკოლა და ეს არის პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც კლასიკური, ფორმალური განათლების, ასევე ორიგინალური, არაფორმალური განათლების მიღებას. ჩვენს მოსწავლეებს სკოლის ტერიტორიის დაუტოვებლად უნდა შეეძლოთ მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც მათ სურთ და რაც ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება. და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ არ აღემატება ჩვენს პედაგოგიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ასე რომ, ვფიქრობთ, ჩვენ უნდა აღვზარდოთ კულტურული ადამიანი, რომელსაც შეუძლია გასწიოს კონკურენცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები