27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას – თბილისის ფინანსურ სამიტს უმასპინძლებს. სამიტზე დასწრების მსურველებმა და მედიის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ თბილისის ფინანსური სამიტის ვებგვერდზე. სამიტზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური დერეფნების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ასევე ფინტექ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.
თბილისის ფინანსურ სამიტზე ასევე დაგეგმილია ჰაკათონის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.
