LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა

111
პოლიქლორირებული ბიფენილები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში დაგლას უებთან და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორთან სოფიო ახობაძესთან ერთად, საქართველოში დაგროვილი პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენების ევროპაში უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო განადგურებისთვის მოსამზადებელ პროცესს დაესწრო.

პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.

„ეს პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ასრულებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვალდებულებებს. სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივა არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ნების, მეცნიერული მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაერთიანებით მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა. საქართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გასაძლიერებლად. ამ მიზნით ვახორციელებთ სახიფათო ნარჩენების მართვის ახალ სტრატეგიას, რომელიც სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ობიექტის ადგილმდებარეობა“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საქართველოში პქბ-ის შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით თანმიმდევრული სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 14 კომპანიაში შემოწმდა 7000-ზე მეტი ელექტრომოწყობილობა, გამოვლინდა პქბ-ით დაბინძურებული მოწყობილობები და შეიქმნა მათი უსაფრთხო მართვის სისტემა.

„2022 წლიდან აქტიურად ვაგროვებთ პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველ ზეთებს და დღეს უკვე შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანაში არსებული დაბინძურების, დაახლოებით, 70% საქართველოდან უსაფრთხოდ გაიგზავნოს ევროპაში საბოლოო განადგურებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში 14 კერძო კომპანია ჩაერთო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა კერძო სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს, რადგან ნარჩენების შეგროვება, ინვენტარიზაცია, ქვეყნიდან გატანა და გაუვნებელყოფა მთლიანად დონორების მხარდაჭერით დაფინანსდა“, – აღნიშნა სოფიო ახობაძემ.

პოლიქლორირებული ბიფენილები (პქბ) მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი ტოქსიკურობითა და გარემოში ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა. მათი უსაფრთხო მართვა და საბოლოო განადგურება საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პროექტი „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ხორციელდება. პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), ხოლო ინიციატორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები