ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, 29 ივლისს, თბილისის დროით 18:35 საათზე, მერწყულის ნიშანში წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავსემთვარეობა გველოდება.
„29 ივლისის სავსემთვარეობა – ტრანსფორმაციისა და ფსიქოლოგიური გაწმენდის დრო.
29 ივლისს, თბილისის დროით 18:35 საათზე, მერწყულის ნიშანში წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავსემთვარეობა გველოდება. ცაზე საკმაოდ სპეციფიკური ასტროლოგიური კონფიგურაციაა შექმნილი – მერწყულში მყოფი მთვარე პლუტონს უერთდება, ხოლო ლომის ნიშანში მყოფი მზე – იუპიტერს.
რას ნიშნავს ეს და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეებში?
ილუზიებისგან გათავისუფლება და ფსიქოლოგიური წმენდა
მთვარისა და პლუტონის შეერთება ყოველთვის ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. შესაძლოა, მოულოდნელად ისეთი ფიქრები, წყენა ან შიშები ამოტივტივდეს, რომლებსაც აქამდე ვმალავდით. ამ პერიოდში მოგვიწევს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და უარი ვთქვათ იმ ურთიერთობებსა თუ ჩვევებზე, რომლებიც უკან გვხევს. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური გაწმენდის (როგორც უყვართ ხოლმე თქმა, დეტოქსის) პერიოდია. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ძველი ტვირთი, ამოწურული თემები ან ტოქსიკური ადამიანები მოვიშოროთ და წინ ისე წავიდეთ.
ეგო თუ პირადი თავისუფლება?
მზისა და იუპიტერის ლომში შეერთება, ბუნებრივია, აღიარების, დაფასების და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს გააძლიერებს. თუმცა მის საპირისპიროდ მყოფი მერწყულის მთვარე სრულიად სხვას ითხოვს – მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და პირად სივრცეს. ამის გამო, ამ დღეებში გაორებას ვიგრძნობთ: ერთი მხრივ მოგვინდება, რომ გარშემომყოფებმა დაგვაფასონ, მეორე მხრივ კი – გაგვიჩნდება სურვილი, შევზღუდოთ ურთიერთობები ან საერთოდაც, მარტო დავრჩეთ, რათა ჩვენს თავისუფლებას არავინ და არაფერი დაემუქროს.
ინტუიციური გარღვევა და ახალი ხედვა
სავსემთვარეობის დაძაბული ფონის მიუხედავად, ცაზე მხარდამჭერი ასპექტებიც გვაქვს. მთვარის ურანთან და ნეპტუნთან ჰარმონიული ასპექტები გვიჩვენებს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ მას განსხვავებული, არაორდინალური დანახვა სჭირდება. ამ პერიოდში, ლოგიკაზე მეტად ახლა ინტუიცია დაგვეხმარება. ასე რომ, მოუსმინეთ შინაგან ხმას, რადგან სწორედ ასე, ინტუიციის დახმარებით მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას.
საბოლოო ჯამში, ეს სავსემთვარეობა ერთ მთავარ რამეს გვასწავლის: ნამდვილი თავისუფლება იქ იწყება, სადაც ძველი ჩარჩოები ინგრევა.
დააკვირდით საკუთარ თავს: 28-30 ივლისის შუალედში სიჩუმე, განმარტოება და საკუთარ სივრცეში ყოფნა უფრო გჭირდებათ, თუ პირიქით, ხალხთან და მოვლენების შუაგულში ყოფნა?“, – წერს რამაზ გიგაური.
