ასტროლოგი რამაზ გიგაური აგვისტოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ პერიოდად აფასებს და აცხადებს, რომ თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდება, რომლებიც, მისი შეფასებით, გავლენას როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაზე მოახდენს.
გიგაურის ინფორმაციით, 12-დან 29 აგვისტოს ჩათვლით დაბნელებების დერეფანი გაგრძელდება. მისივე განმარტებით, ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და გარდამტეხი მოვლენების დროა.
ასტროლოგის ცნობით, 12 აგვისტოს მზის დაბნელება ლომის ნიშანში, ხოლო 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება თევზების ნიშანში მოხდება, რაც, მისი თქმით, ემოციურ პროცესებსა და მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონს შექმნის.
რამაზ გიგაური ასევე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „ლომის კარიბჭის“ პერიოდზე, როდესაც, მისი განმარტებით, სირიუსის ჰელიაკური ამოსვლა ხდება. მისივე ინფორმაციით, საქართველოში სირიუსი, სავარაუდოდ, 11-13 აგვისტოს, მზის ამოსვლამდე დაახლოებით 45-50 წუთით ადრე გამოჩნდება.
გარდა ამისა, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ 7 აგვისტოდან ვენერა სასწორის ნიშანში, ხოლო 11 აგვისტოდან მარსი კირჩხიბის ნიშანში გადავა. მისი შეფასებით, თვის განმავლობაში იქნება როგორც ხელსაყრელი პერიოდები ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებებისთვის, ისე დღეები, როდესაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ახალი ვალდებულებების აღებისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმებისას.
რამაზ გიგაურის თქმით, აგვისტოს ბოლო დღეებში, 29-31 აგვისტოს, მარსისა და სატურნის დაძაბული ასპექტის გამო, იზრდება კონფლიქტებისა და სხვადასხვა შეფერხების ალბათობა, რის გამოც მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
