LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას – ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში“ – მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

152
რემა ღვამიჩავა

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამედიცინო ცენტრი აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავას საქართველოში ონკოლოგიის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

„ქვეყანა უყვარდა, მისთვის მსახურება მიზნად ჰქონდა დასახული, ადამიანი უყვარდა, ნათელში იყავ, მოღვაწე კაცო!“ – დიმიტრი კორძაია რემა ღვამიჩავას ემოციური სიტყვით ემშვიდობება

„დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ, გარდაიცვალა პროფესორი რემა ღვამიჩავა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ბატონი რემას გარდაცვალება მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისათვის, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბატონი რემა, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯგუფის ერთ-ერთ მოწინავე დაწესებულებას – სხივური მედიცინის ცენტრს.

ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას – ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1985 წ.), მისი პროფესიული გზა უწყვეტი შრომითა და უშრეტი ენერგიით იყო აღსავსე.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტს, მან ექიმების არაერთი თაობა აღზარდა. უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და მართვაში – სისტემების, რომლებმაც ათასობით ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და იმედი.

ჩვენი გუნდისთვის ბატონი რემა იყო არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ გამორჩეული სითბოს, დიდსულოვნებისა და კოლეგიალობის მაგალითი. მისი პროფესიული სიბრძნე და ადამიანური მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას ცვლიდა.

მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი რემა ღვამიჩავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.

მისი სახელი და დატოვებული კვალი მუდამ დარჩება ქართული მედიცინის ისტორიასა და ჩვენს გულებში,“ – წერს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები