თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორს, რემა ღვამიჩავას, რომელიც 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მასთან დაკავშირებით ერთ ამბავს იხსენებს.
„2015 წელს თსსუ-დან დამირეკეს, რადგან უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი შეფასება აიღე, თურქეთში გიშვებთ საერთაშორისო კონფერენციაზე ბატონ რემასთან ერთადო. ერთი მხრივ, გამიხარდა და მეორე მხრივ – ცოტა შემეშინდა, რადგან მანამდე ასე არსად წავსულვარ და არც ფინანსები მქონდა, თუმცა, სულ ტყუილად.
ბატონმა რემამ მთელი იმ დროის განმავლობაში ისეთი ყურადღება მომაქცია, ისე დამიდგა გვერდში და ფინანსურადაც ისე მომეხმარა, რომ თავი მისი შვილიშვილი მეგონა. ძალიან მეწყინა, რომ ასეთი უკარგესი ადამიანი გამოაკლდა საქართველოს“, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, რემა ღვამიჩავა 1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. იყო ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი.
