მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ, რემა ღვამიჩავას გარდაიცვალებას ეხმაურება.
დიმიტრი კორძაია გამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს და ღვამიჩავას ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა
„გამოსათხოვარი
მაინც მოულოდნელი იყო ეს ზარი…
თუმცა მისი მძიმე დაავადების შესახებაც კარგად ვიცოდით და ცუდი პროგნოზის თაობაზეც…
ჯერ მემედ ჯინჭარაძემ დამირეკა, შემდეგ კი, სანამ პირველი ელდა გადაივლიდა, ოთარ დიოგიძემ. ორივემ ძლივს ამოთქვა სათქმელი, ცრემლი და ტკივილი უჭერდათ ყელში…
ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა პროფესორი რემა ღვამიჩავა – დიდი კაცი!
რემა დიდი იყო როგორც აღნაგობით, ისე მოღვაწეობის მასშტაბით, გეგმებით, „საქმით და საკეთებელით“, გულით, შემართებით…
ქვეყანა უყვარდა, მისთვის მსახურება მიზნად ჰქონდა დასახული, ადამიანი უყვარდა, სხვისი ჭირისა და ლხინის სრულად გაზიარება შეეძლო, თანადგომის საოცარი უნარი ჰქონდა.
ონკოლოგიაში მსგავსი მასშტაბური ხედვის პროფესიონალი ძნელად მოიძებნებოდა. მასში ჰარმონიულად იყო შერწყმული კლინიცისტის, ჯანდაცვის ორგანიზატორის, მკვლევარის და პედაგოგის ნიჭი.
გასული საუკუნის დასასრულს, უკვე საიმედო ქირურგი იყო და შესანიშნავი კლინიცისტი, როდესაც ყველაზე ადრე დაინახა ქვეყანაში კლინიკური ონკოლოგიის პარალელურად, „კლინიკამდელი“ და „კლინიკისშემდგომი“ მიმართულებების განვითარების აუცილებლობა და ლომის წილი დაიდო საქართველოში ონკოპრევენციის და პალიატიური მზრუნველობის სისტემების განვითარებაში. დაინახა და აინთო, ამოქმედდა და სხვაც აიყოლია.
რთულია ახალი დიდი საქმეების წამოწყება, მაგრამ რემა, დარწმუნების საოცარი ნიჭის და გადამდები ენთუზიაზმის წყალობით, თითქმის ყოველთვის ახერხებდა ხელისუფლების და დარგის პოლიტიკური ლიდერების თანხმობისა და მეტიც, მხარდაჭერის მოპოვებას.
მის თაობაში მსგავსი მოღვაწე პიროვნება თითებზე იყო ჩამოსათვლელი. ჯერ თბილისის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ საქართველოს რამოდენიმე რაიონში მოახერხა მსგავსი სტრუქტურის ორგანიზება და წარმატებით ამოქმედება.
პირველი ჰოსპისი დააფუძნა და წლების მანძილზე უმეთაურა. რთულ პერიოდში „ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ მესვეურობდა, ჟურნალი დააარსა – „კლინიკური ონკოლოგია“, უწყვეტი სამედიცინო განათლების/უწყვეტი პროფესიული განვითარების 10-მდე კურსი შექმნა და განახორციელა, პროფესიული სამედიცინო განათლების კოლეჯი დააფუძნა.
სიცოცხლის ბოლო დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის გამგე იყო. შესანიშნავი სახელმძღვანელო შექმნა ონკოლოგიაში (პროფესორ მიხეილ შავდიასთან ერთად), რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი იყო, მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია დააფუძნა…
უამრავ ქვეყანაში იყო ნამყოფი საქმიანი ვიზიტით, რომლის შედეგადაც საქართველოთი დაინტერესებულ, მეტიც, აღტაცებულ, საერთაშორისო ცნობადობის პროფესიონალთა რიცხვი მუდამ იზრდებოდა. დარწმუნებული ვარ, რემას გარდაცვალება საოცარ სინანულს გამოიწვევს მრავალი ათეული უცხოელი კოლეგის გულში.
საოცარი მეგობრობა იცოდა, უსიტყვოდ გვერზე დგომა შეეძლო, არასდროს დაგიგვიანებდა სახალხოდ შექებას. შესაშური იუმორი ჰქონდა, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა, ქართული სუფრის წესი და მადლი ზედმიწევნით იცოდა, დარბაისელი თამადა იყო…
ღირსეულად ატარებდა დიდი ოჯახის შვილის (მისი ბაბუა საქართველოში ონკოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო მამა – ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო) და გამორჩეული ოჯახის თავკაცის სახელს. მისი მეუღლე თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს დიპლომატიურ საზოგადოებაში გამოჩენილი ქალბატონია, ხოლო მისი სასახელო ქალიშვილი რუსუდანი, ნუტრიციოლოგიის პროფესიულ ასპარეზზე საერთაშორისო მასშტაბით სწრაფი ნაბიჯებით დაწინაურებული გოგანაა… რემას რუსკა, რომელიც განსაკუთრებული მამა-შვილური სიყვარულის გამო, მთელი რემას სამეგობროს რუსკად იქცა.
იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რა განცდა ტრიალებს ახლა მათ გულებში.
ხვალინდელი დღე, დიდი კაცის – რემა ღვამიჩავას გარეშე გათენდება მისი ოჯახისათვის, კათედრისათვის, კოლეგებისათვის, მეგობრებისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის…
თვალცრემლიანი გემშვიდობები…. ნათელში იყავ, მოღვაწე კაცო!“ – წერს დიმიტრი კორძაია.
