12 აგვისტოს ღამეს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 17 მგზავრი დაშავდა – ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა მას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება, კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
