ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები:
- წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი – ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა – კომპანიას ჯილდო ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა.
- საქართველოს ბანკი დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის
“გზად” – გამარჯვებულს ჯილდო ასევე კარლო ნატალემ გადასცა. - იმავე კატეგორიაში, გაიმარჯვა მცირე და საშუალო კომპანიამ “თი ერ სი” პროექტით “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება” – კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა ანა ბოლტმა.
- პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ს გადაეცა ჯილდო კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი” (მცირე და საშუალო კომპანია) მის მიერ განხორციელებული თანამშრომლების განვითარების პროგრამისათვის – კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამილა ბარკალაიამ დააჯილდოვა.
- სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგი” გაიმარჯვა კატეგორიაში “კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის – ჯილდო, გამარჯვებულ კომპანიას, გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
- თიბისი ბანკმა გაიმარჯვა კატეგორიაში “საზოგადოების მხარდაჭერა” პროექტით “წერე ქართულად” – ჯილდო გადასცა შევედეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ დიტერსტრომმა.
- იგივე კატეგორიაში, ასევე, დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია “ეისითი” სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერისათვის – ჯილდო გადასცა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.
- კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა” გაიმარჯვა კომპანიამ “ნატახტარი” პროექტით “იზრუნე მომავალზე” – ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ.
- სარეკლამო კომპანია “HOLMES&WATSON” დაჯილდოვდა კატეგორიაში “შემოქმედებითი CSR” პროექტისთვის #არგამბოლო – კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა პაველ ჰრიცამ.
- კატეგორიაში “ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა” გამარჯვებულად დასახელდა “პალიტრა მედია ჰოლდინგი” პროექტისათვის “მაკულიტერატურა” – ჯილდო ამ კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას გადასცა ლორენ რასელმა, USAID-ის ეკონომიკის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ.