LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დროშის ფერებში გამოწყობილმა პრეზიდენტმა, რუსეთი გააკრიტიკა – Reuters ინაუგურაციაზე

106
48378401_3764339710250178_8779333510063194112_n

საქართველოს ახალი პროდასავლური პრეზიდენტი, საზოგადოების გაერთიანებას არჩევნების შემდეგ ცდილობს – ასეთი სათაურით გამოეხმაურა “როიტერი” სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.

სტატიაში, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, აქცენტები კეთდება, როგორც პრეზიდენტის ფიცის სიტყვაზე, ასევე პარალელურად მიმდინარე აქციაზე.

„სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ დაასრულებს პოლიტიკურ დაყოფას და გააღრმავებს კავშირებს ნატოსა და ევროპასთან. ეს მოხდა კვირას, ინაუგურაციაზე, რომელიც ოპოზიციონერი მომიტინგეებისთვის დაბლოკილი იყო,“ – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლები, სახელმწიფო რესურსების უსამართლოდ გამოყენებაზე საუბრობენ.

“როიტერის” რეპორტიორი ასევე იტყობინება, რომ ინაუგურაციის გასაპროტესტებლად, ოპოზიციური ძალის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი თელავისკენ, მანქანებისა და ავტობუსების კოლონით დაიძრნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზები გადაუკეტა, რამდენიმე აქტივისტი კი, ხელკეტითაც სცემეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილმა, რომელიც ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, ინაუგურაციისთვის XVIII საუკუნის სასახლე აირჩია, ქალაქში, სადაც ხმები დააკლდა. ამით მას ინკლუზიურობის დემონსტრირება სურდა.

„პრემიერისა და მთავრობის ფონზე, რომელთაც მთელი ძალაუფლება აქვთ, პრეზიდენტობა უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა კვლავ რჩება საერთაშორისო სახედ, დასავლეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და რუსულ გავლენებზე წინააღმდეგობის გასაწევად,“ – ნათქვამია სტატიაში.

აქვე ყურადღება გამახვილებულია მის ჩაცმულობაზე.

„ზურაბიშვილი თეთრი პალტოთი და წითელი მაისურით იყო წარმოდგენილი, საქართველოს დროშის ფერებში. მან გააკრიტიკა რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპირებისთვის,“ – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია ნახსენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g