შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა ფიგურირებს, სამი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, კაჭარავას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
„სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ი.რ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს შორის, რა დროსაც დ.კ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ზ.რ.-მ და დ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.