რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მდუმარე აქციაზე ზუსტად ერთი წლის წინ პანკისის სისხლიანი სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები იკრიბებიან. ადგილზე მისული მოქალაქეები, მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან – ვინ და რატომ ესროლა 19 წლის თემირლანს და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დასჯას ითხოვს.
„გავიდა ერთი წელი ოპერაციის ჩატარების დღიდან კი არა, თემირლანის დახვრეტის დღიდან. იმ დღეს თემირლანის ცხედარი იქნა გატაცებული, რომ მისი თავიდან კვალი წაეშალათ. ერთი წელია, ამ არაშემდგარი ხელისუფლებისგან, ბოროტით სავსე შექუჩებული ხროვისგან თუნდაც პატარა რამით მიანც ეღიარებინათ ის შეცდომა, რაც სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ამაოდ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.
„სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ,“ – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომლის თქმითაც, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.